გასულ კვირას  კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული გაიმართა. კვირეულის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა თბილისში, გურჯაანში, ქუთაისსა და ბათუმში. კვირეულის მიზანია მომხმარებლის უფლებების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება.

როგორც „ენერჯინიუსთან“ საუბარში კონკურენციის სააგენტოს უფროსი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, მომხმარებელთა უფლებების ეფექტიანი დაცვის, მათი ინფორმირებული არჩევანის თვალსაზრისით, მარეგულირებელი უწყებები აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობენ. მათ შორის აღსანიშნავია კონკურენციის სააგენტოსა და სემეკს შორის არსებული თანამშრომლობა, რომლის პირობებშიც რამდენიმე საქმე მომხმარებელთა უფლებების სასარგებლოდ წარმატებით დასრულდა.

 რამდენად ეფექტიანად ხდება მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში არსებული მარეგულირებელი ინსტიტუტების მიერ?

„ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველომ მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროს გაძლიერების ვალდებულება იკისრა. 2022 წელს, საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი დაამტკიცა და ამავე წლის  ნოემბრიდან ჩვენ აღსრულების პროცესი დავიწყეთ. 2023 წელს, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული რეკომენდაციებისა და პრაქტიკაში გამოკვეთილი რიგი დეტალების დაზუსტების მიზნით, კანონში ცვლილებები შევიდა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან.

მომხმარებელთა უფლებების ეფექტიანი დაცვის, მათი ინფორმირებული არჩევანის თვალსაზრისით, მარეგულირებელი უწყებები აქტიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ. ამას ემსახურებოდა სწორედ 2024 წელს მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული, რომელიც ექვსი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით შედგა. კვირეულის ფარგლებში,  მიზნობრივ აუდიტორიასთან შეხვედრები გაიმართა თბილისში, გურჯაანში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც მარეგულირებელი უწყების ასევე პარლამენტის, ცენტრალური და რეგიონული მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ამავე ფორმატში, ჩვენ გვაქვს უკვე ტრადიციად ქცეული კონფერენცია, რომელიც ნოემბრის თვეში,  კონკურენციის საერთაშორისო დღის ფორმატში ტარდება და მარეგულირებელი უწყებები - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, სემეკი, ეროვნული ბანკი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და კომუნიკაციების კომისია, სექტორულად, მიღებულ შედეგებს, მიღწევებს და არსებულ გამოწვევებს, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების თანამონაწილეობით, მიმოვიხილავთ.

სტატისტიკაზეც რომ გავამახვილოთ ყურადღება. საჩივრების სტატისტიკა და მათი დაკმაყოფილების მაჩვენებელი როგორია?

„რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, 2023 წელს, სააგენტომ 8 მოკვლევის საქმე დახურა, გამორჩეული იყო 3 შეთანხმებული ქმედების (კარტელი) თემა  - საწვავის, ფარმაციის და ონლაინ ბილეთების ბაზარზე. სამივე საქმეში დარღვევა იქნა დადგენილი. მოკვლევის 2 საქმეში სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მიმართ რეკომენდაციები გაიცა, ერთ საქმეში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დადასტურდა, ერთ საქმეში კი დომინანტობის ბოროტად გამოყენება არ იქნა დადგენილი.

გასული წლის მონიტორინგებიდან გამორჩეული იყო საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის ბაზრის შეფასება, სადაც სააგენტოს შეფასებით კონკურენციის შეზღუდვის გარკვეული რისკები იქნა დანახული. შესაბამისად, მარეგულირებლის მიმართ 6 რეკომენდაციაც გაიცა, რადგან ბაზარი უფრო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გახდეს.

სამთავრობო უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით სააგენტო მიმდინარე რეჟიმში აქტიურად ახორციელებს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგს საწვავის, მედიკამენტების, სასურსათო პროდუქციის მიმართულებით, რომ ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედების რისკი იქნეს გამოვლენილი.

მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კომპანიების კონცენტრაციების ეფექტური კონტროლი. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების საფუძველზე კვარტალურად მოწმდება განხორციელებული კონცენტრაციები და შეუტყობინებლობის შემთხვევაში  შესაბამისი წარმოება იწყება. 2023 წელს 9 კონცენტრაციაზე  გავეცით თანხმობა.

მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობა რამდენად აქტიურად მიმდინარეობს?

2020 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის მიზნით შეიქმნა ერთიანი საკანონმდებლო ბაზა. შესაბამისად, უწყებები კონკურენციის სამართლის ძირითად საკითხებზე ერთიანი პრინციპებით ვმოქმედებთ. ამ დროის მონაკვეთში, სემეკთან ერთად, განხილულ იქნა 2 საქმე  - შპს „ფშაველას“განცხადების საფუძველზე და „ახალი გუდაური 4 ბლოკის“ საჩივარი. სააგენტო აღნიშნული კვლევის ფარგლებში, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობდა კომისიასთან.

რატომ არის მნიშვნელოვანი მომხმარებელთა უფლებების ეფექტიანი დაცვა საჭირო და რა ნაბიჯები იდგმევა ამისთვის?

„აქტიური და შედეგიანია მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით საქმიანობა, მომხმარებელი გრძნობს, რომ მოვაჭრესთან მიმართებაში მარტო არ არის და დარღვევის შემთხვევაში მოგვმართავს. მომართვების უმრავლესობა შეთანხმებით სრულდება, რაც ნიშნავს რომ მომხმარებელი იბრუნებს თანხას, ცვლის ნივთს, საჭიროების შემთხვევაში ხდება შეკეთება ან დაკომპენსირდება, მოვაჭრე კი ასწორებს საკუთარ პოლიტიკას ისე, რომ მომავალში დარღვევის რისკი ნაკლები იყოს.

2023 წელს, მომხმარებლებმა სააგენტოს აქტიური ჩართულობით 500 000 ლარამდე პირდაპირი სარგებელი მიიღეს, ასევე მომხმარებლის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით დადგინდა რამდენიმე სამოქმედო სტანდარტი მოვაჭრეებისთვის. მათ შორის, სწორად ინფორმირების, ქართულ ენაზე სერვისის მიწოდების, ფასის სწორად მითითების, SMS რეკლამირების, საცნობარო/კვებით მენიუში ჯამური ფასის მითითების სტანდარტი და ა.შ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონის მიღებამდე, მომხმარებელს საკუთარი უფლებების დაცვა უწევდა სასამართლოს გზით, რაც საკმაოდ დიდ დროსთან და ფინანსურ დანახარჯთან იყო კავშირში. დღეს ეს პრობლემა აღარ დგას, რადგან მომხმარებლის მომართვის შემდეგ, სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს, ძირითადად, 1 თვეში და იშვიათ შემთხვევაში - საქმის სირთულიდან გამომდინარე, შეიძლება  3 თვე გაგრძელდეს. მომართვიანობა საკმაოდ მზარდია. დღეის მდგომარეობით 700 მეტი განაცხადია სააგენტოში შემოსული, მომხმარებელთა საკითხების 70-80% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს უკავშირდება, საკითხების დაახლოებით 75% მოდის საბითუმო და საცალო ვაჭრობის მიმართულებით, შემდეგ არის ტრანსპორტი და დასაწყობება”.