კომპანია „უსასრულო ენერგიის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ბახტურიძე მიიჩნევს, რომ სიმძლავრის მეორე აუქციონში ჰიდროელექტროსადგურებისა და ქარის კატეგორიისგან განსხვავებით, მზის ენერგოპროექტებზე არაადეკვატურად დაბალი მედიანური ტარიფი დაფიქსირდა.

„ერთადერთი, მზის კატეგორია იყო ცოტა დაწეული ფასებით, რადგან მზის პროექტი თავისი არსით გაცილებით მარტივია გასაკეთებლად, გაცილებით ნაკლებ რისკებთანაა დაკავშირებული. პირველ და მეორე აუქციონებში ძალიან მარტივი მოთხოვნები იყო და ამის გამო, განსაკუთრებით, მზის კატეგორიაში ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამან შექმნა ე.წ. არაჯანსაღი კონკურენცია, რადგან ძალიან ბევრმა ინვესტორმა, დეველოპერმა ან უბრალოდ, პროექტის გაკეთების მსურველმა ძალიან დაბალი ფასები წარადგინა.  ჩვენი შეფასებით - არაადეკვატურად დაბალი ფასი, რამაც საერთო მედიანური ტარიფიც დაბლა დასწია. არის გაიაფების ტენდენციები მზის მიმართულებით და ეს ფასიც შეიძლება, ვარგისი იყოს, თუმცა, ყველაზე უფრო დაბალი ფასია სხვა კატეგორიებთან შედარებით“ - ამბობს თორნიკე ბახტურიძე.

მისივე ცნობით, კომპანია „უსასრულო ენერგია“ სიმძლავრის მეორე აუქციონის შედეგების თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოში 55 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის პროექტს განავითარებს.

ამავდროულად, კომპანიამ აუქციონში ორი მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტითაც გაიმარჯვა. ერთ-ერთი მათგანი - 1.5 მგვტ სიმძლავრის ჰესი წალკის მუნიციპალიტეტში აშენდება. ჰიდროელექტროსადგურებისთვის მშენებლობის დასასრულებლად კომპანიას 5 წლიანი ვადა აქვს, ქარის პროექტისთვის კი - 4 წლიანი.

„ჩვენ ქარის ერთი პროექტით გავიმარჯვეთ, ტარიფით 5.95 ცენტი, ასევე, ჰიდროელექტროსადგურების მიმართულებითაც გავიმარჯვეთ მცირე, 1.200 მგვტ-იანი მცირე, ერთსაათიანი რეზერვუარის ჰესით. აქ ტარიფი 7.5 ცენტი დაფიქსირდა. 2030 წლისთვის კომპანიის მხრიდან დამატებით, 60 მგვტ-მდე სიმძლავრე იქნება აშენებული“ - ამბობს თორნიკე ბახტურიძე „ბიზნესპარტნიორთან“.