„ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო აქტივობა მაღალია, რასაც ხელი სწორმა პოლიტიკამ შეუწყო“ - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ განაცხადა. ნარმანიას თქმით, სექტორში ინვესტიციების განხორციელება დაბალ რისკებთან ასოცირდება, რის გამოც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა იზრდება, ეს ყველაფერი კი ენერგიის გენერირების ახალი ობიექტების განვითარებას უზრუნველყოფს.
“საქართველოში საინვესტიციო გარემო ლიბერალურია, რადგან აქ ინვესტორს ხვდება დაბალი გადასახადები, მარტივი ადმინისტრაციული პროცედურები და ნაკლები წნეხი. აქედან გამომდინარე, ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო აქტივობა საკმაოდ მაღალია. თუ ჩვენ უკანასკნელ წლებს ავიღებთ, გენერაციის სექტორში ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება დაიწყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთავრობამ ხელშემწყობი გარანტირებული ფასის მექანიზმი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, მთავრობა საშუალო ფასამდე უვსებს ინვესტორს თანხას.შესაბამისად ინვესტორი გარანტირებულია, რომ მიიღებს კონკრეტულ თანხას მის მიერ გამომუშავებულ კვ/სთ ენერგიაზე. ამას ემატება ისიც, რომ ინვესტორის უკან დგას საფინანსო სექტორი. როდესაც საფინანსო სექტორი ხედავს, რომ ინვესტიციებიდან შემოსავალი გარანტირებულია, იგი უფრო აქტიურად გასცემს სესხებს პროექტებზე, რადგან გაცემულ სესხზე რისკი დაბალია“. - აცხადებს დავით ნარმანია.
სემეკის თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ საინვესტიციო გარემოს კუთხით ენერგეტიკის სექტორში ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობს. მისივე თქმით, ერთადერთ რაც პროექტების განხორციელებას აფერხებს საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მხრიდან მომდინარე პროტესტებია.
„ინვესტიციების დეფიციტი ჩვენთან ნამდვილად არ არსებობს. ერთადერთი, რაც ცალკეული ობიექტების განვითარებას უშლის ხელს არის გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფების პროტესტი. ხანდახან ეს ხდება მიზანმიმართულად, რათა კონკრეტული ობიექტების განვითარებას ხელი შეეშალოს. ამ ყველაფრის ფონზე ინვესტორი ყოველთვის კითხულობს, ამა თუ იმ ტერიტორიაზე პროექტის განვითარებას ხომ არ შეაფერხებს მოსახლეობა. დანარჩენს რაც შეეხება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო გარემოს ხელს არაფერი უშლის". - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.