საქართველოში ჰიდროპროექტების განვითარებაში ბევრი გამოწვევაა - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ინჟინერიის იტალიური კომპანია Frosio Next-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი დავიდე კაზაგო საუბრობს.

მისი თქმით, გამოწვევებს შორისაა მაღალი ღირებულების ინვესტიციებს მოზიდვა, გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები, რასაც უარყოფითი გავლენა აქვს ახალი ჰიდროპროექტების მშენებლობაზე.

„მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რამხელაა ის სარგებელი, რაც ამ ტიპის პროექტებს შეუძლიათ მოიტანონ. ჩვენ ვზრდით წარმოებული ენერგიის მოცულობებს ქვეყანაში და ამით ვაუმჯობესებთ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხსაც, რომლებიც ხშირად, ძირითადი გამანაწილებელი ქსელის მიღმა არიან დარჩენილი.

გამანაწილებელი ქსელი კიდევ ერთი გამოწვევაა. მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ჰესები, მაგრამ ამავდროულად გვქონდეს მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გამანაწილებელი ძლიერი ქსელი, რომლის განვითარება, მისასვლელი გზების მოწყობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ჰიდროპროექტების განვითარება” - ამბობს დავიდე კაზაგო.

მისივე ცნობით, Frosio Next კომპანიაა, რომელიც საქართველოს ჰიდრო ენერგეტიკულ სექტორს აწვდის საინჟინრო მომსახურებას და დიზაინს საწყის ეტაპზე, ასევე, ჰიდროენერგეტიკული პროექტების დეტალურ დიზაინს, გარემოსდაცვით მომსახურებას და ჰიდროპროექტების მენეჯმენტს.

„ეს მიმართულებები ქვეყანაში აუთვისებელია და დიდი პოტენციალი აქვს. ასევე, არსებული ბუნებრივი რესურსები და პირობები აქ ძალიან ღირებულია. იტალიაში ჩვენ უკვე შევიძინეთ ამ მიმართულებებით ყველა საჭირო გამოცდილება 40 წლიანი მუშაობის განმავლობაში, საქართველოს ბაზარზე კი 2018 წლიდან ვართ და გვსურს, ამ ბაზარზე ჩვენი პოზიციები გავაფართოოთ. გვინდა ბაზარს მივაწოდოთ ხარისხიანი კონსალტინგი, რათა ეს სფერო კიდევ უფრო მეტად განვითარდეს“ - ამბობს დავიდე კაზაგო „ბიზნესპარტნიორთან“.

მისივე ცნობით, Frosio Next-ს საქართველოში რამდენიმე მცირე პროექტს მართავს. მათ შორისაა ისეთი ჰესები, როგორიცაა „შატილი“, „ლუხრა“, „ახიელი“, „ხევი“ და სხვა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათი სურვილია უფრო დიდი სიმძლავრის პროექტებისკენ გადაინაცვლონ, რაც საქართველოს ჰიდროენერგეტიკული ბაზრისთვის უფრო დამახასიათებელია.

bp.ge