2016 წლის პირველ კვარტალში ენერგეტიკის სექტორი 3.1%-ით შემცირდა

ენერგეტიკის დარგის ინვესტორები მხარდამჭერ მექანიზმებში ცვლილებების შეტანას ითხოვენ

ენერგეტიკის დარგის ინვესტორები ახალი მხარდამჭერი მექანიზმებით უკმაყოფილოები არიან და ამ ინსტრუმენტებში ცვლილებების შეტანას ითხოვენ.

კომპანიებში ამბობენ, რომ მთავრობის მიერ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების სანაცვლოდ შეთავაზებული მექანიზმი ეფექტურად ვერ იმუშავებს და დარგში ვერც ინვესტიციებს მოიზიდავს.

როგორც კომპანიებში განმარტავენ, ე.წ. Feed in Premium-ის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ინვესტორს აღარ ექნება გარანტირებული ტარიფი.  კერძოდ, PPA ხელშეკრულებების ნაცვლად, მთავრობამ 1.5 ცენტის მოცულობის თანადაფინანსება დააწესა, რომელსაც ინვესტორი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი ელექტროენერგიის საბაზრო ფასი 5.5 ცენტზე დაბალი იქნება.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში განუცხადეს, მათ მთავრობას გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების ჩანაცვლების ალტერნატიული მექანიზმებიც შესთავაზეს.

“ახალი მექანიზმი ინვესტორისთვის ჩადებული ინვესტიციის ამოღებას ვერ უზრუნველყოფს, განსაკუთრებით პრობლემური ზაფხულის პერიოდი იქნება, როდესაც ტარიფი ისედაც დაბალია. შესაბამისად, გვინდა, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდეს ამ ინსტრუმენტში. მაგალითად ის, რომ ეს მექანიზმი კომპანიებმა სწორედ ზაფხულის პერიოდში გამოვიყენოთ. ასევე ამის ალტერნატივა შეიძლება იყოს PPA მექანიზმის აღდგენა კონკრეტულ პროექტებზე. გასაგებია, რომ ამ მიმართულებით მართლაც არსებობს გარკვეული რისკები და გამოსავალია, რომ ეს მექანიზმი მხოლოდ იმ ინვესტორების მიმართ იქნეს გამოყენებული, ვისაც საკუთარი ვალდებულებების შესრულება შეუძლია“, – განაცხადა განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.

ცნობისთვის, ენერგეტიკის დარგში ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები სამი წლის წინ, “საერთაშორისო სავალუტო ფონდის” რეკომენდაციით გაუქმდა. მიზეზად დასახელდა, რომ PPA მექანიზმი ფისკალურ რისკებს ქმნიდა. ცოტა ხნის წინ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ენერგეტიკის დარგში ამ მექანიზმის აღდგენა არ იგეგმება.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply

Menu Title