საქართველოში ენერგეტიკის სექტორის განვითარებისა და ინოვაციების შემოღების პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირის ყველა იმ დირექტივის შესრულება, რომელიც ენერგეტიკული ჰარმონიზაციის კუთხით მნიშვნელოვანია. აღნიშნული დირექტივებიდან კი ერთ-ერთ საკითხს მომხმარებლებს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის კონცეფცია, ე.წ P2P წარმოადგენს. როგორც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი სალომე ჯანელიძე აცხადებს, აღნიშნული დირექტივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება საკუთარი წარმოებული ენერგია სხვა მომხმარებელს მიყიდოს და ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.
„მომხმარებლებს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობას ითვალისწინებს ის დირექტივები, რაც ევროკავშირიდან მოდის. ეს დირექტივები გვეუბნება, რომ მომხმარებლებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ივაჭრონ ერთმანეთს შორის. უფრო კონკრეტულად, მომხმარებელი, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას შეძლებს, რომ იგი მიყიდოს სხვა მომხმარებელს.
ასევე მინდა ვახსენო ერთ-ერთი საინტერესო კონცეფცია ე.წ სათამაშო მოედნის რეგულაციები, რომელიც არის ინოვაციების რეგულირების ერთ-ერთი რეკომენდირებული გზა ევროკავშირში. მოცემული რეგულაციის ფარგლებში მარეგულირებლებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დაადგინონ სპეციალური წესები იმისათვის, რათა გარკვეული ინოვაციური საბაზრო მოდელი, მიდგომა თუ ტექნოლოგია გამოსცადონ პრაქტიკაში. მომხმარებლებს შორის ენერგიით ვაჭრობის შემთხვევაში სწორედ ასეთი ტიპის რეგულაციები გამოიყენება.
მომხმარებელთა გაძლიერების ნაწილში ასევე ვიტყვი, რომ ადრე თუ იყო სამკვირიანი ვადა მიმწოდებლის შეცვლისთვის, 2026 წლისთვის უკვე 24 საათში შეგეძლებათ შეიცვალოთ მიმწოდებელი“.- აცხადებს სალომე ჯანელიძე.