სემეკის მსგავსი, მნიშვნელოვანი ფუნქციების შემსრულებელი მარეგულირებლისთვის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. აღნიშნული ხელს უწყობს ერთის მხრივ საერთაშორისო დაფინანსების მოძიებას, ხოლო მეორეს მხრივ საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რაც შემდგომში რეგულირებადი სექტორების გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. 

კომისია წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთაგან გამორჩეულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაცია (NARUC). დაარსების დღიდან სწორედ ისინი იყვნენ კომისიის მხარდამჭერები. ქართული მარეგულირებელი ორგანოც USAID-ის უშუალო ხელშეწყობით ჩამოყალიბდა. კომისიის პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მნიშვნელოვანია ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციაც (ERRA). ERRA აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დამოუკიდებელი ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა. მის მთავარ მიზანს რეგულირების პროცესის გაუმჯობესება, ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოებთან მჭიდრო კავშირის დამყარება და ამ გზით ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. 2017 წლის 1 ივლისს კომისიას ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა. CEER წარმოადგენს ევროპის მარეგულირებელთა პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ევროპის 39 ენერგეტიკის მარეგულირებელ დამოუკიდებელ ორგანიზაციას. დამკვირვებლის სტატუსი კომისიას ეხმარება საკუთარი საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში. კომისია ასევე აქტიურად თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: წყლის საერთაშორისო ასოციაცია (IWA), წყლის მარეგულირებელთა ევროპული ქსელი (WAREG), ენერგეტიკის ეკონომიკის საერთაშორისო სააგენტო (IAEE) და სხვა.

სემეკის მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას მოჰყვა არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელება. კომისიის მიერ განხორციელებული საერთაშორისო პროექტებიდან უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტები, რომლებსაც კომისია 2012 წლიდან ახორციელებს. პროექტები მიზნად ისახავს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება/დანერგვის პროცესში დახმარებას და ბენეფიციარის შესაძლებლობების გაძლიერებას ევროკავშირში შესვლის პროცესში. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო 2016-2017 წლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით განხორციელებული ტექნიკური დახმარების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა კომისიისათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევას.

კომისიაში საერთაშორისო პროექტები ხორციელდებოდა წყალ მომარაგების სექტორის განვითარების თვალსაზრისითაც. ამ მხრივ აღსანიშნავია აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით განხორციელებული პროექტი „დანახარჯები - პლუს სატარიფო მეთოდოლოგიისა და რეგულირებადი საწარმოებისთვის ტექნიკური სტანდარტების შემუშავების შესახებ“.