“ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება საქართველოსთვის უდიდესი ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“ - ამის შესახებ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა სალომე ჯანელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს შესაძლებლობას აძლევს იყოს მომზადებული ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით.
„ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება იყო უდიდესი ნაბიჯი საქართველოსთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორგანიზაცია აერთიანებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ გახდნენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. სწორედ ენერგეტიკული გაერთიანების მეშვეობით ხდება სექტორის მომზადება, შესაბამისი წესებისა თუ მოთხოვნების ტრანსპოზიცია, ბაზრების ლიბერალიზაცია და ამგვარად ქვეყანა ემზადება გახდეს ევროკავშირის წევრი, ასევე შეუერთდეს იმ ერთიან ბაზარს, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას.
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თანხვედრაში ვიყოთ იმ მოთხოვნებთან და პრინციპებთან, რაც ახასიეთებს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზრებს. საქართველოს გაწევრიანება ენერგეტიკულ გაერთიანებაში მოხდა სპეციალური შეერთების ოქმის გაფორმებით, რომლის რატიფიცირება მოხდა 2017 წელს. სწორედ ამ ოქმში იყო აღწერილი თუ რა ვალდებულებები უნდა შეესრულებინა ქვეყანა და რა ვადაში. ეს ვადები ელექტროენერგეტიკის სფეროში იყო 2018 წლის ბოლომდე, ამ ვადაში საქართველოს საკუთარ კანონმდებლობაში უნდა გადმოეტანა ენერგეტიკასთან დაკავშირებული დირექტივები და რეგულაციები. აქვე აღვნიშნავ, რომ ენერგეტიკული ბაზრის ტესტირებისთვის ჩვენ გვქონდა დამატებით ერთი წელი.
რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, აქ ქვეყანას უფრო მეტი დრო ჰქონდა, კერძოდ, 2020 წლის ბოლომდე უნდა მოგვეხდინა როგორც კანონმდებლობის გადმოტანა, ისე უშუალო იმპლემეტაცია“. - აცხადებს სალომე ჯანელიძე.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი ასევე აცხადებს, რომ განვლილი წლების განმავლობაში ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ენერგეტიკული სექტორის ევროკავშირთან დაახლოებით, მათ შორის, საუბარია ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის არსებობაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და სისტემის ოპერატორების განცალკევებას.
„მესამე ენერგეტიკული პაკეტი გულისხმობდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის დირექტივებსა და რეგულაციებს, რომელთა ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყონ ერთიანი ენერგეტიკული ბაზრების არსებობას ევროკავშირისა და ენერგეტიკული გაერთიანების მასშტაბით. მისი ძირითადი პრინციპებია, რა თქმა უნდა, ბაზრების ლიბერალიზაცია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაზრებზე არ უნდა ხდებოდეს ფასების რეგულირება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია სისტემის ოპერატორების განცალკევება, რაც იმას გულისხმობს, არ შეიძლება საწარმო, რომელიც ერთის მხრივ აკონტროლებს წარმოების, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობას ამავდროულად არ უნდა აკონტროლებდეს განაწილებისა და გადაცემის საქმიანობებს.
კიდევ ერთი საკითხია მომხმარებელთა უფლებების დაცვა. მესამე ენერგეტიკული პაკეტის მიზანი იყო, რომ უფრო მეტად გაძლიერებულიყო მომხმარებელი, ჰქონოდა უფრო მეტი კონტროლი საკუთარ არჩევანთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, მესამე ენერგეტიკულ პაკეტში ყურადღება გამახვილებული იყო იმაზეც, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ენერგეტიკის დარგში“. - აცხადებს სალომე ჯანელიძე.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველო 2017 წლიდან energy community-ის წევრია. აღნიშნული წევრობისა და შემდგომში თანამშრომლობის ძირითადი მიზანია, ენერგეტიკულ სექტორში საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია.