ენერგეტიკის სექტორში ევროპული კანონმდებლობის გადმოტანა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების, ენერგეტიკული სიღარიბის შემცირების და მომხმარებელთა უფლებების დაცვის გზა და საშუალებაა.  სწორედ ამ მიზნით, ქვეყანა უკვე რამდენიმე წელია, რაც ენერგეტიკული გაერთიანების წევრია, რომლის მთავარ მიზანს, სწორედ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია წარმოადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში საქართველომ უკვე წარმატებით შეასრულა მესამე ენერგეტიკული პაკეტის მიერ წამოყენებული მოთხოვნები. რაც შეეხება მეოთხე ენერგეტიკულ პაკეტს, აღნიშნულის კონცეფციაა „სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“, რომლის შესრულებაც ასევე საქართველოს ვალდებულებაა.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი სალომე ჯანელიძე აცხადებს, რომ სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი მომხმარებელს სხვადასხვა შესაძლებლობას აძლევს. მათ შორის მნიშვნელოვანია ჭკვიანი მრიცხველების იმპლემეტაცია, რომლის საშუალებითაც ელექტროენერგიის მოხმარება უფრო მეტად ეფექტიანი გახდება.

„მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის მიხედვით, მომხმარებელი უნდა იყოს უფრო მეტად ინფორმირებული და გაძლიერებული. ამის ერთ-ერთი საშუალება არის ჭკვიანი მრიცხველები. სწორედ ამ მრიცხველების საშუალებით მომხმარებელს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მართოს ენერგიის მოხმარება, მოიხმაროს ის, როდესაც ენერგიის ფასი შედარებით მაღალია და პირიქით, როდესაც სისტემას სჭირდება, ამ შემთხვევაში შეზღუდოს მოხმარება და მიიღოს გარკვეული საფასური.

თუ საუბარი გვაქვს მცირე მომხმარებლებზე, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად საყოფაცხოვრებო მომხმარებელი დიდ გავლენას ვერ იქონიებს სისტემის მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ აქ შემოდის ეგრეთ წოდებული აგრეგატორი, რომელიც აერთიანებს ათასობით მომხმარებელს. სწორედ მათი საშუალებით იცვლება ქცევა, რაც გავლენას ახდენს როგორც ელექტროენერგიის ეფექტიან მოხმარებაზე, ისე თავად მომხმარებლებზე“. - აღნიშნავს სალომე ჯანელიძე.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველო 2017 წლიდან energy community-ის წევრია. აღნიშნული წევრობისა და შემდგომში თანამშრომლობის ძირითადი მიზანია, ენერგეტიკულ სექტორში საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია.