მზის ენერგეტიკა საქართველში – შესაძლებლობები და გამოწვევები

2020 წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წელი იყო, რომელსაც თან ახლდა მთელი რიგი გამოწვევები როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელს მსოფლიოში. გამონაკლისი არც ენერგეტიკული სექტორი ყოფილა: ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, ელექტროენერგიის მომწოდებლების პრობლემები, ტარიფის ზრდა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის წინასწარ დაგეგმილი დროებითი გათიშვა. სწორედ ეს თემები მოექცა წელს ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

მსოფლიოში, განსაკუთრებით აქტუალური იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების არასტაბილურობა,  ევროკავშირის ახალი გეგემები „ნულოვანი გამონაბოლქვის“ მისაღწევად და „ენერგეტიკული ტრანზიცია“ (განახლებად ენერგიებზე სრულად გადასვლა), რამაც უკვე გამოიწვია უდიდესი ავტოკომპანიების მიერ მასიურად უარის თქმა შიგაწვის ძრავიან ავტომობილების გამოშვებაზე. ასევე, შესამჩნევი იყო წყალბადის (განსაკუთრებით, „მწვანე წყალბადის“) ენერგეტიკის მიმართ ინტერესის ზრდაც.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ერთნაირად აქტუალური იყო, როგორც კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის, ისე მსოფლიო ენერგოსექტორისთვის –  კრიპტოვალუტა და კრიპტომაინინგი. მიუხედავად ფასების არასტაბულურობისა და ქვეყნების განსხვავებული პოლიტიკისა (მაგ: სალვადორმა ეროვნულ ვალუტად გამოაცხადა, ხოლო ჩინეთმა და ირანმა აკრძალა მისი როგორც გამოყენება, ისე მოპოვება), ის პოპულარობას მაინც არ კარგავს, რაც ქმნის დიდ პრობლემებს ქვეყნების ენერგოსისტემებში.

IEA-ს კვლევა აჩვენებს, რომ 2050 წლისთვის მსოფლიოს ნახშირბადნეიტრალურობის მიზნის მისაღწევად აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ენერგიული და კოორდინირებული ქმედებები მრავალ სფეროში. იმისათვის, რომ 2050 წლამდე მიმავალი გზა მეტ-ნაკლებად რეალური იყოს, საჭიროა შუალედური, 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა. 2030 წლისთვის საჭირო იქნება ქარისა და მზის სადგურების სიმძლავრის გაოთხმაგება, 18-ჯერ მეტი ელექტრომანქანა და ენერგოინტენსიურობის ყოველწლიური 4%-ით კლება.

სააგენტოს ოპტიმიზებულ სცენარში 2050 წლისთვის ენერგიის მიწოდების მეხუთედი მზის ენერგიისგან მიიღება. მზის სადგურების სიმძლავრე გაოცმაგდება, ხოლო ქარის სადგურების სიმძლავრე 11-ჯერ გაიზრდება; მოხმარებული ენერგიის 50% იქნება ელექტროენერგია – ანუ ელექტროენერგიის გამომუშავება 2.5-ჯერ გაიზრდება დღევანდელთან შედარებით. ელექტროენერგიის 90% წარმოებული იქნება განახლებადი ენერგიებიდან.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად შესაძლებელია, საქართველოში მზის სადგურებმა ეფექტურად იმუშავონ  დამოუკიდებლად, რა სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუშავება შუძლია ქვეყანაში მზის ენერგიას და მოსახლეობის რა ნაწილს დააკმაყოფიებს აღნიშნული, “ენერგონიუსი“ Helios Energy-ის დაფუძვნებელს თორნიკე დარჯანიას ესაუბრა:

 

გასული წელი ელექტროენერგეტიკული სექტორისთვის მნიშვნელოვანი სიახლეებით გამოირჩეოდა. ერთ-ერთი მათგანია ელექტროენერგიის ტარიფის მატება. თუ იმოქმედა აღნიშნულმა მომხმარებლთა, განსაკუთრებით კი ბიზნესის მხრიდან, დაინტერესების გაზრდაზე?

ჩვენი კომპანია უკვე 4 წელია რაც ბაზარზეა და მსგავსი დაინტერესება, როგორიც იყო წელს, მანამდე არყოფილა. აღნიშნული კი სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ ტარიფებმა ბიზნეს სექტორისთვის მოიმატა. თავად ტენდენციაც შეიცვალა, მანამდე თუ ჩვენს მომხმარებელებს ძირითადად საყოფაცხოვრებო სეგმენტი შეადგენდა, მცირე ზომის სადგურებით, ახლა უკვე ძირითადი ინტერესი და მოთხოვნა მოდის მეწარმეებისგან, თანაც შედარებით უფრო დიდი ზომის სადგურებზე. რადგან, მანამდე მათთვის ტარიფი მანამდე იყო 16.8 თეთრი, რომელიც თითქმის გაორმაგდა და გახდა დაახლოებით 31 თეთრი, რაც მნიშვნელოვანი მატებაა. აქედან გამომდინარე, მზის ელექტროსადგურები უკვე მოგებიანი გახდა. მოთხოვნა არის გეომეტრიული პროგრესიით გაზრდილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ბიზნეს სექტორის მხრიდან და რაც მთავარია, ჩვენ მომავალშიც ველით ზრდას, რადგან მოხმარებელს (როგორც რიგით მოქალაქეს, ისე მეწარმეს) გაუჩნდა იმის განცდა, რომ ელექტროენერგიის ტარიფმა შიძლება ნებისმიერ დროს მოიმატოს, თან მოიმატოს მნიშვნელოვნად. ამას თუ ასევე დავუმატებთ, თქვენს მიერ ნახსენებ ტენდენციებს, რომელიც დღეს მსოფლიოში შეინიშნება და რომელიც აუცილებლად მოახდენს გავლენას საქართველოზეც, მზის ენერგიისადმი მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

რესურსების ოპტიმალურად გამოყენების შემთხვევაში, რა სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუავება შუძლია საქართველოში მზის ენერგიას და მოსახლეობის რა ნაწილს დააკმაყოფიებს აღნიშნული?

არსებობს რეგულაცია ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული სადგურებით სარგებლობისთვის და მის ფარგლებში სადღაც 50 მეგავატ ენერგიაზე საუბარი, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ძალიან ცოტა. თუ ამ დადგმულმა სადგურებმა არ შეუქმნა ქსელს დისბალანსი და არ გამოიწვია მასში გადატვირთვები და ავარიები, მაშინ ხსენებული მონაცემი გაიზრდება.

ზოგადად საქართველოს ელექტროსისტემას აქვს სტრატეგიაში გათვალისწინებული 2030 წლისთვის 300 მეგავატი სიმძლავრის მიერთება.

თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მეტიც გამოვიმუშავოთ, თუ ამას სისტემა გაუმკლავდება. ძირითადად, ამჟამად ნეტო აღირცხვა ხდება 500 კილოვატამდე სიმძლავრის სადგურებზე. ანუ, გამოდის, რომ ხსენებული 50 მეგავატის ათვისება უნდა მოხდეს 500-500 კილოვატიანი სადგურებით, რადგან დიდი სადგურები, მაგალითად 5 ან 10 მეგავატიანი და მეტი არ დგას საქართველოში. აღნიშნული გამოწვეულია იმით რომ, ჯერ ერთი, გარანტირებული შესყიდვის ტარიფი არ გვაქვს, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია, ამასთან, არც ენერგეტიკული ბაზარია განვითარებული,  მოგეხსებათ, ენერგობირჟის ამოქმედებაც გადაიდო და შესაბამისად, აღნიშნული ხდება ფინანსურად არამომგებიანი და მეორე, თავად პროცესსაც შეიძლება შეექმნას პრობლემები, მაგალითად, ტექნიკური სახის და შეიძლება მივიღოთ ასეთი პასუხი, რომ სადგურს ვერ ჩართავენ ქსელში.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა იმდენად განავითარა სისტრემა, გეგმავენ მთლიანი მოხმარების 10% მზის ენერგიით დააკმაყოფილონ. შესაბამისად, თუ სომხეთის ელექტროსისტემამ და ქსელებმა შეძლეს ტექნიკურად აღნიშნულის მიღწევა, წესით არც ჩვენთვის უნდა იყოს მიუღწეველი. იმედი ვიქონიოთ, რომ ასეც მოხდება, თუმცა, სამწუხაროდ უნდა ავღნიშნო, რომ ტექნოლოგიური კუთხით ძალიან დიდი ჩამორჩენა გვაქვს. რეგიონშიც კი, ყველა ქვეყანა გვისწრებს, მათ შორის, აზერბაიჯანიც, რომელსაც საკუთარი წიაღისეული რესურსები აქვს.

 

ძალიან ბევრი ექსპერტის აზრით, მზის ენერგია მიეკუთვნება ეგრეთწოდებულ, ცვალებად ენერგიას და ისეთ ქვეყებში, სადაც მზიანი დღეების რაოდენობა სეზონების მიხედვით განსხვავებულია,  საჭიროებს უფრო სტაბილურ ენერგორესურსებს, რათა მოხდეს მათი უსაფრთხოდ ინტეგრირება სისტემაში. აღნშნულ, სხვათა შორის, ასევე აღნიშნა ფატიჰ ბიროლმა, IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.  რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას და მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოში მზის სადგურებმა შესაძლებელია წარმატებით იმუშავონ  დამოუკიდებლად?

აღნიშნული ისედაც ნათელია და მას კითხვის ნიშნის ქვეშ არც არავინ აყენებს. მზე, ქარი, ბიომასა და მათ შორის, ჰესები, რომელთაც არ აქვთ წყლის დაგროვების სისტემები, ანუ მუშაობენ მდინარის ჩამონადენზე,  ყველა ბუნებრივია, არის არასტაბილური გენერაციის წყარო, რომელსაც ახასიათებს რყევები და საჭიროებენ მარეგულირებელს. მარეგულირებლის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს კაშხლიანმა ჰიდროელექტროსადგურმა, თბოელექტროსადგურმა, ატომურმა ელექტროსადგურმა, ან სულაც აკუმულატორიანმა სისტემამ, ანუ ყველაფერმა რასაც შეუძლია დეფიციტის აღმოფხვრა ქსელში. ხაზს ვუსვამ, აქ პრობლემა, რა თქმა უნდა დეფიციტია და არა სიჭარბე, რადგან სიჭარბის შემთხვევაში, მაგალითად, გერმანიაში სადგურებს თიშავენ. დეფიციტის აღმოფხვრისთვის კონკრეტულად ჰესებზე იმიტომ ხდება საუბარი საქართველოში, რომ ატომური სადგური ჩვენ არ გვაქვს, თბოსადგურები კი გვაქვს, მაგრამ მათი ფუნქციონირებისთვის იმპორტირებული საწვავის გამოყენებაა საჭირო, ამიტომ, რჩება ჰიდროელექტროსადგური. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაზე არავინ არ დაობს.

აქ პრობლემა სხვა რამეშია, რომელსაც, რატომღაც არავინ საუბრობს, დღეს უკვე არსებული კაშხლოვანი ჰიდროელექტროსადგურების შესაძლებლობების გათვალისწინებით, მზის ენერგიის რა სიმძლავრის ათვისებაც შეგვიძლია, იმას რატომ არ ვითვისებთ? ესაა აქ მთავარი კითხვა, რომელსაც არავინ სვამს, რადგან აღნიშნული უკვე დაბადებს თანმდევ კითხვებს, რა უშლის აღნიშნულს ხელს, რატომ არის აქცენტი კონკრეტულად ჰესების (გნებავთ კაშხლიანი, გნებავთ ჩამონადენზე მომუშავე) აშენებაზე გაკეთებული და რატომ არ ვუწყობთ ხელს განახლებადი ენერგიების სხვა დარგების განვითარებას. არ ვგულისხმობ მხოლოდ მზეს, აღნიშნული ეხება ქარს და თუნდაც, ბიომასას. გერმანია მაგალითად ტერავატობით სიმძლავრეებს აწარმოებს ნაგვისგან. ჩვენთან რატომ არ ხდება ხელშეწყობა მსგავსი პროექტების? გვაქვს გეოთერმული რესურსები დასავლეთ საქართველოში. ენერგეტიკა მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოება არაა. ხსენებული რესურსი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ცხელი წყალი, რომელიც ბუნებრივადაა გამთბარი და აღარ საჭიროებს დამატებით ხარჯებს გზსადენის გაყვანაზე და მისი გაცხელებისთვის იმპორტირებული ბუნებრივი აირის დაწვაზე.

სწორედ ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხების არქონაა პრობლემა. ვართ დეფიციტური ბაზარი, მზის ენერგიის მაქსიმალურად გამოყენებაც გვჭირდება, ქარისაც და ყველა სხვა რესურსისაც.

 

მზის ენერგეტიკის განვითარებას მსოფლიოში მნიშვნელოვნად უქწყობს ხელს ტექნოლოგიური მიღწევები და სიახლეები, რამდენად არის შესაძლებელი მათი საქართველოში წარმატებით გამოყნება ეფექტურობის გაზრდის მიზნით?

შესაძლებელია, თუმცა მსგავსი ტექნოლოგიები, ბუნებრივია, ცოტა ძვირია. ძალიან კარგი ვარიანტია მზის სადგურების კაშხლიან ჰესებთან განთავსება და ცვალებადობის ასეთი სახით დაბალანსება.

 

ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ მიმდინარე ათწლეული არის წყალბადის ენერგეტიკის „აღორძინების ხანა“, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეგრეთწოდებულ მწვანე წყალბადს“. თუ შეუწყობს ხელს მზის ენერგიის ეფექტურად გამოყენება, საქრთველოში მის განვითარებას?

ევროპაში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ამ მიმართულებას და, როგორც თქვენ ბრძანეთ, განსაკუთრებით „მწვანე წყალბადს“, რომელსაც უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოებისგან, იდება მილიარდობით ინვესტიციები ტექნოლოგიების დასახვეწად და განსავითარებლად, რადგან კაცობრიობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე მდგრადი ენერგიის წყარო არის წყალბადი – ელემენტი, რომელიც ყველაზე მეტია დედამიწაზე და სერთოდაც, მთლიან გალაკტიკაში.

თუმცა, „მწვანე წყალბადის“ მიღება საკმაოდ ძვირადღირებული ტექნოლოგიაა, სწორედ ამიტომ ხდება მისი აქტიურად სუბსიდირება მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გვაქვს პერიოდები როდესაც გვაქვს ჭარბი ენერგია. მაგალითად, ვღვრით ენგურის წყალს, რადგან ექსპორტზე ვერ გადის ენერგია, ან ღამის საათებში გვაქვს იაფასიანი ელექტროენერგია. მათი დაგროვება თუ მოხდება წყალბადისთვის, მაშინ იქნება აღნიშნული შედეგიანი, სხვა შემთხვევაში, ანუ, ელექტროენერგიის წყალბადად გადაყვანა არ იქნება მიზანშეწონილი, რადგამ ამ დროს ადგილი აქვს ენერგიის დანაკარგებს და უბრალოდ აზრს მოკლებული ხდება, როცა შესაძლებელია მისი პირდაპირ მოხმარება. შესაბამისად, როდესაც გვექნება ჭარბი და იაფი ენერგია, მისი გადაყვანა მოხდეს წყალბადში და ამგვარად ვაწარმოოთ “მწვანე წყალბადი“.

ცნობისთვის, ევროპას აქვს გაწერილი „წყალბადის სტრატეგია“ და იგეგმება არსებული გაზსადენების წყალბადის ტრანსპორტირებისთვის გამოყენება. შესაბამისად, იგივე „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა“ და მსგავსმა მილსადენებმა მომავალში შეიძლება წყალბადის მიწოდება უზრუნველყონ.

 

ალბათ, აუცილებლად უნდა შევეხოთ ელექტროენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანეს თემას, რომელიც ასევე ძალიან აქტუალური იყო გასული წელს –  კრიპტომაინინგს, მიუხედავად ფასების არასაბულურობისა და ქვეყნების განსხვავებული პოლიტიკსა, ის პოპულარობას არ კარგავს, რაც ქმნის დიდ პრობლემებს ქვეყნების ენერგოსისტემებში, რამდენად მიგაჩნიათ მზის ენერგიის გამოყენება კრიპტომაინიგისვის გამოსავლად და რა დაბრკოლებებს ხედავთ ხსენებული კუთხით?

რა თქმა უნდა, მზის და სხვა განხლებადი ენერგიების გამოყენება შეიძლება კრიპტომაინინგისთვის, სხვათა შორის, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კანონმდებლომდებლობა ავალდებულებს მეწარმეს, რომ მხოლოდ განახლებადი ენერგიები გამოიყენოს და არ გამოიყენოს წიაღისეული საწვავი კრიპტომაინინგისთვის.

თუმცა, საქართველოში ჩვენ ვაწყდებით სხვა პრობლემას, კრიფტოფერმების უმრავლესობა განთავსებულია ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე და ადგილი აქვს ელექტროენერგიის მიტაცებას. „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ენერგია აფხაზ მოსახლეობასაც კი არ ხმარდება. „ენგურის“ ენერგიას უფასოდ იყენებენ გაურკვეველი წარსულის მქონე ინდივიდები რუსეთიდან და ეს არის უსერიოზულესი პრობლემა.

ზუსტად იგივე ხდება ამჯერად უკვე ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე – სვანეთში, სადაც ელექტროენერგიის უფასოდ დატაცების ფაქტები არის ძალიან ხშირი. ანუ, პრობლემა არის სწორედ ეს, როდესაც მიხმარ ენერგიას და არ იხდი მის საფასურს, თორემ თუ ვინმეს აქვს მაინინგისთვის განკუთვნილი დანადგარი, მაგრამ იხდის მოხმარებული ენერგიის გადასახადს, პრობლემას აქ ნაკლებად ვხედავ.

თუმცა, აქ შეიძლება იყოს მეორე პრობლემა, თუ ვინმეს აქვს დიდი ფერმა, რომელიც მოიხმარს დიდი ოდენობით ენერგიას, შეიძლება სახელმწიფოს არ უღირდეს, რადგან, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ელქტროენერგიის ტარიფი არის სოციალური, რაც ნიშნავს იმას, თუ „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებულ ენერგიას იაფად მოვიხმართ, ამას სახელმწიფო აფინანსებს, შესაბამისად თუ სახელლმწიფო ჩათვლის, რომ მის მიერ დაფინანსებული რესურსი აქტიურად იხარჯება ისეთ რამეზე, რასაც შემდეგ არ მოაქვს შემოსავალი ქვეყნის ბიუჯეტში, მაშინ უნდა დაბეგროს მაინერები, ეს არის, ჩემი აზრით, გამოსავალი. ბუნებრივია, აღნიშნული არ ეხებათ მცირე ზომის მეწარმეებს, მაგალითად, თუ ვინმეს ერთი დანადგარი აქვს სახლში და ოჯახისთვის თვეში დამატებით 300 დოლარს გამოიმუშავებს, საუბარი მაქვს დიდი ზომის ფერმებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიბეგროს. ისიც არასწორად მიმაჩნია, რომ მსგავსი საწაროები იყოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში განთავსებული და საერთოდ არ იხდიდნენ არანაირ გადასახადს, როდესაც სისტემას ადგება ამხელა დატვირთვა. გარდა ამისა, გამოდის, რომ ვიღაც იყენებს ჩვენს იაფ რესურსს დოვლათის შესაქმნელად, რომლიდანაც არაფერი არ რჩება საქართველოში, არც გადასახადის, არც რაიმე სხვა სახით. ხსენებულმა მაინერმა, რომელსაც ერთი აპარატი უდგას სახლში, შეიძლება ბიუჯეტში წვლილი გადასახადის სახით არ შეიტანოს, მაგრამ ის გამომუშავებულ თანხას ისევ საქართველოში დახარჯავს.

ხსენებულიდან გმომდინარე, მთავარი კრიპტომაინინგის პრობლემის მოსაგვარებლად, არის სწორი პოლიტიკის გატარება და შესაბამისი რეგულაციების შემუშვება სახელმწიფოს მიერ, თორემ, ბუნებრივია, ისეთი განახლებადი ენერგიების გამოყენება მაინიგისთვის, როგორიც მზე და ქარია, სწორი გადაწყვეტილებაა.

მსოფლიოში პოპულარული ტენდენციის თანამხად, სახელმწიფო დაწესებულებები ცდილობენ მათ დაქვემდებარებაში მყოფი შენობები სრულად გადავიდნენ განახლებად ენერგიების მოხმარებაზე. რამდენად არის დაინტერესება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებიდან ადმინისტრაციიული შენობების (გარდა სკოლებისა და საავადმყოფოებისა) განახლებადი ენერგო რესურსებით უზრუნველყოფაზე?

ნამდვილად არის და ჩვენც პირადად არაერთი მსგავსი პროექტი განგვიხორციელებია. თუმცა, როგორც ეს, თუნდაც, ევროპის ქვეყნებშია, სადაც არსებობს მთავრობის ერთიანი სტრატეგია, რომელშიც გაწერილია, რომ მის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში მყოფი შენობების გარკვეულ პროცენტს, პირობითად, 2030 წლამდე გადაიყვანს მზისა და ქარის ენერგიებზე, საქართველოში მსგავსი რამ არ არსებობს. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ღონისძიებების გატარება მხოლოდ კონკრეტული დაწესებულების ან განყოფილებების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. კარგია, რომ ასეთები არსებობენ – ცუდია, რომ ქვეყანას არ გააჩნია ერთიანი ჩამოყალიბებული პოლიტიკა აღნიშნულთან მიმართებაში.

დაბოლოს, თქვენი კომპანიის სამომავლო გემების შესახებ რომ მოგვიყვეთ ორი სიტყვით?

ჩვენს კომპანიას, საერთო ჯამში, დაყენებული აქვს 2,5 მეგავატი მზის ელექტროსადგური. აქედან 1 მგვტ-ზე მეტი მხოლოდ 2021 წელს. გეგმაში გვაქვს წლის ბოლომდე კიდევ 1.5 მგვტ სიმძლავრის სადგურის დაყენება. გამოდის, მთლიანობაში 4 მგვტ. სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები გვექნება დაყენებული, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია საქართველოში.

ასევე, კომპანია თავის პარტნიორ IMS Erneuerbare Energien GmbH-სთან ერთად, გერმანიაში საწყობს გახსნის აგვისტოში, რაც ზრდის შესაძლებლობებს, რომ Helios Energy–მ პროდუქტის მიწოდების და შესაბამისად, გაყიდვების მასშტაბი მთელ ევროპაში გაზარდოს.

გარდა ამისა, ვგეგმავთ მარკეტის გაკეთებას და ოფისი მშენებლობას, რომელიც მხოლოდ მზის ენერგიას მოიხმარს განათების, გათბობისა, თუ გაგრილებისთვის.

ნინო სამადაშვილი

 

 

Leave a Reply