თურნავა: სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტები აუცილებლად უნდა განვითარდეს

სხვადასხვა დარგში მომზადებული გვაქვს ორმოცამდე საინვესტიციო პროექტი, რომელიც თავის წილ მილიარდობით ახალ ინვესტიციას მოიტანს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„ამ პროექტებს ეკონომიკური გუნდის შიგნით ვამუშავებთ და პრემიერ-მინისტრს გავაცანით. ეს არის მაგალითად, განახლებადი ენერგეტიკის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება, არა მხოლოდ ჰესები, საუბარია ქარის ენერგიაზე, მზის ენერგიაზე და ისეთ ახალ ტექნოლოგიაზე, რომელსაც რეგიონში პირველები ვამუშავებთ. ეს არის მწვანე წყალბადი, ასე ვთქვათ, მომავლის ენერგეტიკული ტექნოლოგია. გვაქვს ისეთი ამბიციური პროექტი, როგორიც არის შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანა, რომელიც არანაკლები მნიშვნელობის პროექტია, ვიდრე თავის დროზე, თუნდაც, „შაჰდენიზი“ იყო, როდესაც ის განხორციელდება და საქართველოს და მთელ რეგიონს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან ფიზიკურად დააკავშირებს. არის მთელი რიგი ლოჯისტიკური პროექტები, შავი ზღვის აკვადორიის საპორტო განვითარება. პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ ახლა ვასრულებთ სტრატეგიას, რომელიც განსაზღვრავს, რომელი პორტი რა მიმართულებით უნდა განვითარდეს, რომ უფრო მეტად მოემსახუროს საქართველოს ამოცანებს და საჭიროებებს, როგორც ჩვენი რეგიონის კარიბჭეს და რა თქმა უნდა, არის ასევე ტურისტული პროექტები“, – განაცხადა თურნავამ.

„ნამახვანის“ პერიპეტიებმა გვაჩვენა, რომ ასეთ სტრატეგიულ პროექტებში რა თქმა უნდა, უფრო მეტ ნდობას იწვევს ის ფაქტი, თუ სახელმწიფო არის ლიდერი და სახელმწიფო უფრო მეტ გადამწყვეტ სიტყვას ამბობს. ამ ტიპის პროექტებში სახელმწიფო მზად არის ლიდერობისთვის, რადგან ეს ისეთი სტრატეგიული პროექტებია, რომლისთვისაც რესურსი ყოველთვის მოინახება“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ წიაღის მოპოვების სექტორის რეგულირების თვალსაზრისით კანონმდებლობაში ძალიან ბევრი ცვლილება მიმდინარეობს.

„კონკრეტულად ჩვენ, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის დახმარებით ძალიან მასშტაბურ რეფორმას ვახორციელებთ და ამ რეფორმის ერთ-ერთი მდგენელი არის ის, რომ ლიცეზიანტებზე სოციალური და გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობა თავიდანვე ძალიან მკაფიოდ იყოს განსაზღვრული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Leave a Reply

Menu Title