საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების ძირითად ასპექტებს, რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და სემეკის საქმიანობის მიმართულებების მიმოხილვას.
დოკუმენტის მიხედვით, 2023 წელს ბუნებრივი გაზის სექტორში ჯამში 157 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
„2023 წლისთვის ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის ფარგლებში შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ დაგეგმილი ინვესტიცია შეადგენდა 33,818 მილიონ ლარს, სს „საქორგგაზის“ – 22,422 მილიონ ლარს, ხოლო შპს „თბილისი ენერჯის“ – 34,138 მილიონ ლარს, რამაც ჯამში შეადგინა 90,377 მილიონი ლარი. ამავე წელს ფაქტობრივად განხორციელდა ჯამში 157,166 მილიონი ლარის ინვესტიცია, მათ შორის, 133,352 მილიონი ლარის – საკუთარი სახსრებით, ხოლო 23,814 მილიონი ლარის – მესამე პირების (მომხმარებლების) დაფინანსებით“. - აღნიშნულია დოკუმენტში.
უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი, კერძოდ, 38% შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ განხორციელდა, რომლის ჯამურმა მოცულობამ 60 მილიონ ლარამდე მიაღწია.
„ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობაში 2023 წელს ფაქტობრივ ინვესტიციებში 38,0%-ის ოდენობით განხორციელდა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ, რაც შეადგენს 59,728 მილიონ ლარს. მათ შორის, საანგარიშო წელს საკუთარი სახსრებით შეიქმნა და ექსპლუატაციაში შევიდა 22.0 კმ გაზგამანაწილებელი ქსელი, ასევე განხორციელდა 95,5 კმ სიგრძის არსებული გაზგამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაცია, ხოლო ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთდა 29,401 ახალი აბონენტი. ამასთან, საწარმოს მიერ შეძენილ იქნა სატრანსპორტო საშუალებები, საოფისე ავეჯი და ინვენტარი და არამატერიალური აქტივი“. - აცხადებს სემეკი.
რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორში არსებულ სხვა კომპანიებს. სემეკის ინფორმაციით, სს „საქორგგაზის“ მიერ 2023 წელს საკუთარი სახსრებით განხორციელდა ჯამში 44,826 მილიონი ლარის ინვესტიცია. კერძოდ, საანგარიშო წელს დასრულდა და ექსპლოატაციაში შევიდა 3,5 კმ გაზგამანაწილებელი ქსელი, ასევე განხორციელდა 209 კმ სიგრძის არსებული ქსელების რეაბილიტაცია, ხოლო ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთდა 10,323 ახალი აბონენტი.
შპს „თბილისი ენერჯიმ“ კი 2023 წელს ფაქტობრივად განახორციელა 52,612 მილიონი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები, მათ შორის, საკუთარი სახსრებით – 34,495 მილიონი ლარის, ხოლო მესამე პირების დაფინანსებით – 18,117 მილიონი ლარის.