1 ივლისს ნაწილობრივ, არასავალდებულო რეჟიმში ამოქმედებულ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა არ შედგა.

ბირჟის ცნობით, 2024 წლის 1 ივლისს ვაჭრობისათვის (2024 წლის 2 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის) რეგისტრირებული იყოს ოთხი მონაწილე, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ განეთავსებინათ ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის განაცხადები დღით ადრე ბაზარზე. 

ბაზრის წესების შესაბამისად, ასევე ქვეყნდება სენბ-ის (საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა) ვებგვერდზე ვაჭრობის შედეგები. გამოქვეყნებული ინფორმაცია მოიცავს მოთხოვნისა და მიწოდების აგრეგირებულ მრუდებს, რაზე დაკვირვებითაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეაფასონ, რა ოდენობით და რა ფასად იყო ელექტროენერგიით ვაჭრობის მზადყოფნა კონკრეტულ საათში.

რეგისტრირებულმა მონაწილეებმა განათავსეს შესაბამისი განაცხადები. მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების დღის ყოველი საათისთვის არსებობდა მზადყოფნა ელექტროენერგიის როგორც ყიდვაზე, ასევე გაყიდვაზე, ვაჭრობა არ შედგა, რადგან ელექტროენერგიის გამყიდველების მიერ შეთავაზებული ფასი იყო უფრო მაღალი, ვიდრე მყიდველების გადახდაზე მზადყოფნა.

1 ივლისის ვაჭრობისთვის რეგისტრირებული მონაწილეები იყვნენ:

  • სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
  • შპს ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია
  • შპს რიცეულაჰესი
  • შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია.