სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სექტორის 2023 წლის ძირითადი ტენდენციები შეაფასა. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტი 1,5 ჯერ გაიზარდა. რაც შეეხება იმპორტს, დავით ნარმანიას თქმით, იმპორტი ამავე პერიოდში 2 ჯერ შემცირდა.

„2023 წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 2022 წელთან შედარებით 1,5 ჯერ გაიზარდა. ექსპორტის ზრდა ერთის მხრივ გამოწვეული იყო კარგი ჰიდროლოგიით, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ჭარბი ენერგია გაჩნდა, ასევე კარგია, რომ ეს ჭარბი ენერგია, ფაქტობრივად, სრულად გავიდა საზღვარგარეთ. ასევე გასულ წელს ენერგიის იმპორტი 2-ჯერ შემცირდა, რაც პოზიტიურია.

ელექტროენერგიის იმპორტის შემცირების კუთხით, რამდენიმე ფაქტორს უნდა გაესვას ხაზი. პირველი არის, რომ დეფიციტურ თვეებში საქართველოს პირდაპირ ელექტროენერგიის არ ჰქონია, რადგან შემოჰქონდა ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან, რომლის საშუალებითაც თბოელექტროსადგურებში ხდებოდა უკვე ენერგიის გენერირება, ბუნებრივია ასეთი წესით ენერგიის წარმოება საქართველოს უფრო იაფი უჯდება, ვიდრე იმპორტირებული ენერგიის შემთხვევაშია“. - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველოსთვის ელექტროენერგიის ძირითად საექსპორტო ბაზარს თურქეთი წარმოადგენდა, ხოლო ენერგიის ნაწილი ქვეყანამ ასევე სომხეთში გაყიდა.

„ძირითადი საექსპორტო ქვეყანა ჩვენთვის თურქეთია, რადგან თურქეთში მზარდია ეკონომიკა და შესაბამისად მაღალია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. ასევე გარკვეული ნაწილი ჩვენი ელექტროენერგიის გადის სომხეთშიც. თურქეთთან არსებული გამტარუნარიანობა რაც ჩვენს ხაზს აქვს არის 700 მეგავატ საათი, პრაქტიკულად სრულად იყო გასულ წელს დატვირთული. ხოლო როცა საექსპორტო ენერგია ამოიწურა, ამის შემდეგ განხორციელდა დაიწყო ელექტროენერგიის ტრანზიტი საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან თურქეთში. ტრანზიტის მოცულობა 2023 წელს 9%-ით გაიზარდა“. - აცხადებს დავით ნარმანია.