სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სექტორის 2023 წლის ძირითადი ტენდენციები შეაფასა. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია გაიზარდა, რისი გამომწვევი ძირითადი მიზეზიც გასულ წელს ახალი ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შესვლა გახდა.

„2023 წელს 2022 წელთან შედარებით ელექტროენერგიის წარმოება საქართველოში 1%-ით გაიზარდა. აღნიშნული გამოწვეულია ახალი გენერაციის წყაროების მშენებლობის დასრულებითა და ექსპლუატაციაში შესვლით. უფრო კონკრეტულად, 2023 წელს დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 7 ახალი ელექტროსადგური, მათგან ერთი მესტია-ჭალა ჰესი შედარებით მსხვილია 20 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, ხოლო დანარჩენი 6 სადგური მცირე ზომისაა, რომელთა ჯამური გამომუშავებული ენერგია 8 მეგავატამდე იყო“. - აცხადებს დავით ნარმანია.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას. დავით ნარმანიას თქმით, 2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირებულია, რაც გამოიწვია ქვეყანაში მეტალურგიის სექტორში არსებული კომპანიების შენელებულმა წარმოებამ.

„ამასთან, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო იმით, რომ გარკვეულმა მსხვილმა მომხმარებლებმა, როგორებიც არიან მეტალურგიის წარმომადგენლები, შეამცირეს წარმოება გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო ბაზარზე მათი პროდუქციის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა. აქედან გამომდინარე, მათ დაინახეს გარკვეული რისკები თავიანთი პროდუქციის კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებით. სწორედ ეს იყო ძირითადი ფაქტორი, რამაც 2023 წელს ელექტროენერგიის მოხმარების 7.6%-ით შემცირება გამოიწვია“. - აღნიშნავს დავით ნარმანია.