2024 წლის 2 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს განახლებადი ენერგიის ინვესტიციების გასაუმჯობესებლად გამართულ ინვესტორთა ბრიფინგში. შეხვედრის მიზანს განახლებადი ენერგიის სიმძლავრის მეორე აუქციონის ტექნიკურ საკითხებზე დიალოგის ხელშეწყობა წარმოადგენდა. ღონისძიების ჩატარდა USAID-ის „საქართველოს ენერგეტიკის მომავლის“ პროგრამის მხარდაჭერით. 

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დარგის ექსპერტები და პოტენციური ინვესტორები, ასევე საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრით დაინტერესებული მხარეები. ბრიფინგზე გარდა განახლებადი ენერგიის მეორე აუქციონისა, ასევე განიხილეს ენერგეტიკული საზოგადოების საპილოტე პროექტების განვითარების შესაძლებლობები საქართველოში.

აღნიშნულ კონფერენციაზე საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის წარმომადგენელმა დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდა ინფორმაცია #SHAREs-ის მიზნებსა და ამოცანებზე საქართველოში. გარდა ამისა, ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა "ენერგეტიკული თემების ჩამოყალიბების გამოცდილება და გამოწვევები საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში".

ამასთან, პროექტის #SHAREs-ის წარმომადგენელმა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა საქართველოში  ენერგეტიკული თემებისთვის არსებული საინფორმაციო ცენტრი. საინფორმაციო ცენტრი მოიცავს ტექნიკურ, სამართლებრივ, ფინანსურ და მარეგულირებელ ინფორმაციას, ასევე სახელმძღვანელოებსა და დამხმარე მასალებს, რომლებიც დაეხმარება ყველა დაინტერესებულ მხარეს ენერგეტიკული თემების ჩამოყალიბების პროცესში.

აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტი #SHAREs არის Horizon2020-ის დაფინანსებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკული თემების და კოლექტიური მოქმედებების მხარდაჭერას საქართველოში განახლებადი ენერგიების წახალისება/განვითარებისთვის.