სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ბირჟის გახსნასთან დაკავშირებით სემეკმა არაერთი მნიშვნელოვანი წესი შეიმუშავა, რომლის მთავარი მიზანიც ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და სამართლიანი გარემოს ხელშეწყობაა. დავით ნარმანია ასევე აღნიშნავს, რომ ამ ახალი წესებით საქართველო ევროპულ მოდელზე გადავიდა.

„ჩვენ დავამტკიცეთ როგორც საბითუმო, ისე საცალო ბაზრის წესები. შესაბამისად, ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები ამ წესში დეტალურადაა ასახული. არის ნორმატიული დოკუმენტი, რომლითაც როგორც გამყიდველები, ასევე მყიდველები ისარგებლებენ.

ამასთან, ყველაზე მთავარი დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ არის ბაზრის მონიტორინგის წესი. აქამდე ანალოგიური წესი არ არსებობდა, რადგან ბაზარზე სხვა ტიპის დაკვირვება ხდებოდა. რადგან ახლა სხვა ტიპის ბაზარს ვიღებთ, მას სჭირდება მონიტორინგი, რათა რომელიმემ დომინანტური მდგომარეობა ბოროტად არ გამოიყენოს, ან ვინმეს უფლებები არ შეილახოს. ეს წესი უზრუნველყოფს, რომ ბაზარზე შენარჩუნებული იყოს კონკურენცია.  ამასთან, მონიტორინგი იქნება ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენ ამისთვის სპეციალურად შევქმენით ბაზრის მონიტორინგის პლატფორმა, სადაც კომპანიები სავალდებულო წესით განათავსებენ ინფორმაციას. ჩვენ ასევე მუდმივად განვახორციელებთ ბირჟაზე ვაჭრობის მონიტორინგს. თუ მოხდება პრეცედენტი, რომელი შემუშავებული წესებიდან გადახვევას გულისხმობს, ასეთ დროს კომისია მოახდენს რეაგირებას გაფრთხილებით დაწყებული, დამთავრებული დაჯარიმებით“. - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ენერგეტიკული ბირჟა, მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებით გაიხსნა, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის გახსნა 2025 წლის პირველ ივლისამდე გადაიწევს.