2024 წლის 1 ივლისს დღით ადრე ბაზარზე პირველი აუქციონი ჩატარდა. პირველი კვირის განმავლობაში 6 მონაწილე დარეგისტრირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ (სენბი) აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღით ადრე ბაზარზე, საათობრივად, შეთავაზებული იყო როგორც ყიდვის, ასევე გაყიდვის განაცხადები. დღიურ ბაზარზე კი, მონაწილეებმა, მხოლოდ ცალკეულ დღეებში სცადეს ელექტროენერგიის გაყიდვა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პირველი კვირა მონაწილეებისთვის ვაჭრობის ახალი შესაძლებლობების გამოცდის პერიოდი იყო. ბირჟის ოპერატორი აკვირდებოდა მცირე ცვლილებებს შეთავაზებების სტრატეგიებში, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ივლისში ფასის ცვლილების მოლოდინს.

რაც შეეხება მოთხოვნა-მიწოდებას, სენბ-ის ცნობით, პირველი კვირის განმავლობაში აგრეგირებული მოთხოვნის რაოდენობა განსხვავდებოდა როგორც დღის ჭრილში საათობრივად, ასევე კვირის ჭრილშიც დღეების მიხედვით. ყველაზე მაღალი აგრეგირებული მოთხოვნა, 57 მგვტ.სთ, დაფიქსირდა 6 ივლისის 19:00-20:00 მიწოდების პერიოდისთვის.

პირველი კვირის განმავლობაში, ელექტროენერგიის გამყიდველების მიერ შეთავაზებული ელექტროენერგიის რაოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა დღეების მიხედვით.

მაქსიმალური აგრეგირებული მიწოდება, 20.6 მგვტ.სთ, დაფიქსირდა 6 ივლისის მიწოდების დღის 09:00-22:00 პერიოდში.

მიწოდებისა და მოთხოვნის რაოდენობისგან განსხვავებით, ძალიან მცირედით იცვლებოდა განაცხადების ფასები. ელექტროენერგიის მყიდველების გადახდაზე მზადყოფნა პირველი კვირის განმავლობაში არ შეცვლილა - ისინი მზად იყვნენ 1 მგვტ.სთ ელექტროენერგიაში გადაეხადათ 122.75 ლარი (12.275 თეთრი/კვტ.სთ). ელექტროენერგიის გამყიდველების მხრიდან არის შეთავაზებული ფასის მცირედით შემცირების დინამიკა. 2024 წლის 6 ივლისის მიწოდების დღისათვის ელექტროენერგიის მცირე რაოდენობა შეთავაზებული იყო კვირის ყველაზე დაბალ ფასად - 126 ლარი/მგვტ.სთ (12.6 თეთრი/კვტ.სთ).

მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ბაზრის გახსნის ამ ეტაპისთვის არც თუ ისე მცირე რაოდენობის ელექტროენერგიის როგორც ყიდვის, ისევე გაყიდვის სურვილი მონაწილეთა მხრიდან, ვაჭრობის პირველ კვირაში დღით ადრე და დღიურ ბაზარზე ტრანზაქცია არ შემდგარა. პირველი კვირის განმავლობაში, თითოეული საათისათვის მყიდველების გადახდისთვის მზადყოფნა ნაკლები იყო გამყიდველების მიერ შეთავაზებულ მინიმალურ ფასზე.