ელექტროენერგიის სექტორის საქართველოს მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან, სტრატეგიულ სექტორს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის დარგის მუდმივი განახლება, განვითარება და საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა სემეკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს როგორც სისტემის გამართულად ფუნქციონირებას, ისე გენერაციის ახალი წყაროების შექმნასა და იმპლემენტაციას.

უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება 2017 წლიდან იწყება. სემეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დარგში განისაზღვრა მომსახურების პირობები, უპირველესად ყურადღება მიექცა მომხმარებელთა უფლებებს, 2017 წლიდან საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების წევრი გახდა, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ 2019 წელს მიღებული საქართველოს კანონით კი მთლიანად შეიცვალა ენერგეტიკული ბაზრის იდეა, რომლის მიხედვითაც დღის წესრიგში დადგა ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის საკითხი. ამ პროცესებში ელექტროენერგეტიკულ საწარმოთა სწორ რეგულირებას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს, რეგულირების მთავარ მექანიზმს და კომისიის ფუნქციონირების ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედს კი ელექტროენერგეტიკულ საწარმოთა ლიცენზირება და ლიცენზირებული კომპანიებისა და სექტორში მოქმედი კომპანიების მუდმივი მონიტორინგი წარმოადგენს.

ამასთან, „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმის შესაბამისად, საქართველოში დაიწყო ელექტროენერგეტიკის ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება, კერძოდ, ყალიბდება კონკურენტული ბაზარი. აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის ბაზრის კონცეფციას“. იგი ადგენს საქართველოში ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. კონცეფციის ძირითად პრინციპებზე დაფუძნებით შემუშავდა და კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით დამტკიცდა „ელექტროენერგიის ბაზრის წესები“, რომლებიც მოიცავს ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესებს და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებს. ახალი მოდელით კონკურენტუნარიანი და ლიკვიდური ელექტრო ენერგიის ბაზრის შექმნა გახდა შესაძლებელი, სადაც მონაწილეები სარგებლობენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით და გამჭვირვალედ ყალიბდება კონკურენტული ფასი, რაც მომხმარებელს აძლევს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომისიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება განახლებად ენერგიებსა და ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის პრაქტიკულ განხორციელებაში, რაც გამოიხატება განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელზე პრიორიტეტულ დაშვებაში, აგრეთვე ქსელზე დაშვების ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ ქსელურ ოპერატორებზე დაკისრებაში. აღსანიშნავია, რომ კომისიამ, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, 2021 წელს ასევე დაამტკიცა ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი. კომისიას წამყვანი როლი ენიჭება მიკროსიმძლავრის ელექტრო სადგურების რეგულირებისა და წახალისების დანერგვაში, რისთვისაც 2016 წლიდან მოქმედებს ე.წ. „ნეტო აღრიცხვის“ რეგულაცია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართულია 1066 სადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 66 მეგავატს შეადგენს. მათ შორის სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია 319 სადგური, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში - 747.

რაც შეეხება საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ქსელში არსებულ მდგომარეობას. სემეკის ინფორმაციით, ფუნქციონირებს 27 ლიცენზიატი, მათ შორის, წარმოების - 22, განაწილების - 2, გადაცემის - 1 და ბაზრის ოპერირების - 2. ელექტროენერგეტიკის სექტორში არალიცენზირებად საქმიანობებს წარმოადგენს: ელექტროენერგიის წარმოება მცირე ელექტროსადგურის მიერ, მიწოდება, ვაჭრობა (მათ შორის, იმპორტი და ექსპორტი), ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირება და დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერირება.