საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების, სამართლებრივი აღსრულების გაუმჯობესების და საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ეროვნული მარეგულირებელი უწყებების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა და კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ.

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კონკურენციის კანონმდებლობის რეფორმის შედეგად ძირეულად მოწესრიგდა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის საკითხები.

„უნდა აღინიშნოს, რომ ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების მიზნით განხორციელებული ინსტიტუციური და ნორმატიული ცვლილებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმის ფონზე. ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას და, ამ გზით, მომხმარებლების კეთილდღეობის უზრუნველყოფას, რაც შეუძლებელი იქნებოდა კონკურენციის მომწესრიგებელი, სრულყოფილი და ქმედითი საკანონმდებლო ბაზის არსებობის გარეშე“, -  აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

რეგულირებად სექტორებში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების მექანიზმებზე მოხსენება წარადგინეს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი შაკიაშვილმა, ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და საბჭოს წევრმა, მედეინა ავგუსტინავიჩიენემ და ავსტრიის კონკურენციის ფედერალური უწყების საქმის მკვლევარმა, ნორა შინდლერმა.

ავსტრიის და ლიეტუვის მაგალითებზე დაყრდნობით, მონაწილეებმა იმსჯელეს - ენერგეტიკის, კომუნიკაციების, საფოსტო და საბანკო სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე, გამოწვევებზე, შესაძლებლობებზე და იმ შედეგებზე, რომელიც მარეგულირებელი უწყებებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენს. ეროვნული მარეგულირებელი უწყებების მონაწილეობით გამართული მრგვალი მაგიდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.