ყოველთვის, ყველა პლატფორმიდან ხაზი უნდა გავუსვათ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ინიციატივას წარმოადგენს და თითოეული მხარე, რომელიც შეუერთდა ურთიერთგაგების მემორანდუმს, პროექტის განხორციელების ეტაპზე, ფაქტობრივად, შეუერთდა საქართველოს ინიციატივას - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაახლოებით ივლისის ბოლოს დასრულდება.

„დარჩენილია გეოფიზიკური შესყიდვა, რომელზეც ვმუშაობთ და ამჟამად, მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება. ასევე, საჭიროა კვლევის ჩატარება, რამდენადაც, მოსაზღვრე სახელმწიფოების სივრცეებში უნდა განისაზღვროს მარშრუტის მიმართულება და ამ პროცესისთვის ეს მნიშვნელოვანია. შესწავლას საკონსულტაციო კომპანია „ჩესი“ ახორციელებს და როგორც კი გვექნება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგები, ჩვენ გადავალთ იმპლემენტაციის ფაზაზე. თუმცა, ცალსახად, საქართველოს როლი არის უპირატესი და ხაზგასასმელი“ - ამბობს ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი.

სამინისტროს ცნობით, პროექტისთვის საჭირო გარემოს და სოციალური ზემოქმედების, ასევე, ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური კვლევების ანგარიშის ჩასატარებლად მომსახურების შესყიდვაზე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მუშაობს.