ენერგეტიკული ბირჟა, დღეს, მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებით გაიხსნება, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის გახსნა 2025 წლის პირველ ივლისამდე გადაიწევს. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდება, რაც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის 1-ელ ივლისამდე.

კითხვაზე თუ რა არის ენერგეტიკული ბირჟის მთავარი სარგებელი, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ამ კონცეფციით პოზიტიურად ისარგებლებს არა მხოლოდ ელექტროენერგიის მომხმარებელი კომპანია, არამედ საზოგადოებაც, რომელიც ამ კომპანიის წარმოებულ პროდუქციას მოიხმარს.

„დღეს მსხვილი მომხმარებლები ელექტროენერგიას ყიდულობენ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით, რომელიც სპეციალური ფორმულის საფუძველზე იანგარიშება და ეს კონკრეტული პერიოდისთვის არის უცვლელი. ენერგეტიკული ბირჟა მოგვცემს საშუალებას, რომ სხვადასხვა პერიოდში ელექტროენერგიაზე განსხვავებული ფასები იყოს, რომელიც განისაზღვრება მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე. შესაბამისად, ბირჟა ერთის მხრივ სწორი საბაზრო ფასის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი მსხვილი მომხმარებლები შეძლებენ, რომ დროის გარკვეულ პერიოდში უფრო იაფიანი ელექტროენერგია შეიძინონ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გარკვეული საქონლისა თუ მომსახურების წარმოება უფრო იაფი დაუჯდეთ.

შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ენერგეტიკული ბირჟა საკუთრივ მომხმარებლებისთვისაც საინტერესო იქნება და მათ მისცემს პირველ რიგში სარგებელს“. - აცხადებს დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარე ასევე მოელის, რომ ბაზარზე ჩართული კომპანიების რაოდენობა დამაკმაყოფილებელი იქნება, რასაც რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინტერესი იქნება კომპანიების მხრიდან. მინიმუმ ის, რომ მათ გარკვეულ პერიოდში იაფი ელექტროენერგიის შეძენა შეეძლებათ, ეს იქნება მთავარი მამოძრავებელი მოტივატორი. მეორეს მხრივ, ეს კომპანიები რეალურ ვაჭრობას მიეჩვევიან ამ პროცესში, რადგან ეს არის სრულყოფილი მოდელი, სადაც ყველაფერი შეუძლიათ დატესტონ“. - აღნიშნავს დავით ნარმანია.