2003 წელს მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) მისი აპარატისაგან დამოუკიდებლად შეიქმნა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა. 2014 წლიდან  განხორციელდა სამსახურის რეორგანიზაცია. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს დაემატა სამი რეგიონული ცენტრი, რომელიც ასევე მობილიზებულია მომხმარებელთა საჩივრების განხილვაზე, ადგილზე მოქალაქეების კონსულტაციებზე და სწრაფ რეაგირებაზე. როგორც ენერგოომბუდსმენის წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში ნინო გულეიშვილი აცხადებს, ენერგოომბუდსმენის სტრუქტურა მომხმარებლის დამატებითი დაცვის გარანტიაა.

„მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ანუ ენერგოომბუდსმენის სამსახური არის კანონის საფუძველზე შექმნილი ორგანო, რომელიც სემეკთან ერთად არსებობს დამოუკიდებლად და შეიქმნა სწორედ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით დამატებითი გარანტიების შექმნის მიზნით. შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის დავა, რომელიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას, ჩვენი სამსახური უზრუნველყოფს ძალიან სწრაფ და მარტივ გადაწყვეტას. აქედან გამომდინარე, ენერგოომბუდსმენი ძალიან აქტიურ როლს ასრულეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში.

გარდა ამისა, შემოსული განცხადებების რაოდენობის გათვალისწინებით, უკვე საჭირო გახდა ენერგოომბუდსმენის სტრუქტურის ჩამოყალიბება რეგიონებშიც. ამ ეტაპზე რეგიონალური წარმომადგენლები არიან აჭარაში, იმერეთსა და კახეთში“. - აცხადებს ნინო გულეიშვილი.

გარდა ამისა, ნინო გულეიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სტრუქტურა მომხმარებლისთვის მეტად კომფორტულია, რადგანაც ის თავს არიდებს რიგ ბიუროკრატიულ პროცესებს. მისივე თქმით, სხვადასხვა რეფორმის შედეგად შესაძლებელი გახდა აქტიური კომუნიკაციის დამყარება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან, რაც გამოწვევას წარმოადგენდა.

„მოგეხსენებათ, დავის ალტერნატიული გზით გადაწყვეტა ყოველთვის კომფორტულია ნებისმიერ სფეროში.  ჩვენ გამოვირჩევით მომართვიანობის პროცედურის სიმარტივით. ჩვენი სამსახური არის უფლებადამცველი სამსახური და აქედან გამომდინარე, ის წესები, რომლებიც ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს, ვგულისხმობ ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსით განსაზღვრულს, ეს ჩვენს შემთხვევაში არ მოქმედებს. ჩვენთან მომართვიანობა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერ ფორმით, ეს იქნება განაცხადი, საჩივარი თუ სხვა.

აქვე უნდა აღინიშნოს რეგიონში არსებული პრობლემები, მათ შორის მაღალმთიან ერთეულებში. უფრო კონკრეტულად, მოსახლეობას ჩვენთან ადგილზე მოსვლის პრობლემა აქვთ მათი მდებარეობიდან გამომდინარე. ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ შევცვალეთ მიდგომები და დავამკვიდრეთ გამარტივებული პროცესი. აღნიშნული გულისხმობს სოციალური ქსელის საშუალებით შეტყობინების გაგზავნა კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით, ჩვენ ამ განაცხადის საფუძველზეც ვიწყებთ მოკვლევას. ამის გარდა გვაქვს ცხელი ხაზიც, რომლის საშუალებითაც, მომხმარებელი გვიფიქსირებს პრობლემას და ამაზეც ჩვენ ვახდენთ შესაბამის რეაგირებას“. - განაცხადა ნინო გულეიშვილმა.