განვაგრძობთ ენერგეტიკის სფეროს სრულმასშტაბიან რეფორმას - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში მოხსენებისას განაცხადა.

“ენერგეტიკა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, რომლის შეუფერხებელ მუშაობაზეც დიდწილადაა დამოკიდებული სხვა ეკონომიკური სექტორების გამართული ფუნქციონირება და შემდგომი ზრდა-განვითარება. ჩვენი ქვეყნის დიდი ენერგეტიკული პოტენციალის სწორად და ოპტიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ვაგრძელებთ ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიან რეფორმას. დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით კი ენერგიის გადაცემისა და განაწილების საქმიანობა გაიმიჯნება ენერგიის გენერაციის, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან. ამასთან, ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას” - განაცხადა ლევან დავითაშვილმა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია თარიღი.

მისივე თქმით, მსხვილი მომხმარებლები ეტაპობრივად გავლენ თავისუფალ ბაზარზე, მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით. პარალელურად, განხორციელდება შესაბამისი რეგულირებული სადგურების ეტაპობრივი დერეგულირება სიმძლავრეების მიხედვით.

“განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში, 2024 წლის თებერვალში დასრულდა სიმძლავრის მეორე აუქციონი 800 მგვტ სიმძლავრისათვის. სიმძლავრის აუქციონის შესახებ დადგენილებისა და წესების მიხედვით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აუქციონში შემოსული განაცხადების განხილვა. გაგრძელდება მიმდინარე განახლებადი ენერგიის პროექტები. ასევე 2024 წელს დასრულდება დამატებით 12 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 157 მგვტ.” - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.