სემეკი, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის, ისტორია 1997 წლიდან იწყება. ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს შექმნას დარგში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა განაპირობებდა. უფრო კონკრეტულად, ვერ ხერხდებოდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მართვა. უკიდურესად მოუწესრიგებელი აღმოჩნდა მოხმარებული ენერგიის აღრიცხვისა და საფასურის ამოღების პროცესი. კატასტროფულად გაიზარდა ელექტროენერგიის დანაკარგები. არსებული სიმძლავრეები სანახევროდაც ვეღარ გამოიყენებოდა. 1995 წლისთვის საქართველოს ყველა სახის ელექტროსადგურის ჯამური სიმძლავრე 4800 მეგავატს შეადგენდა მაშინ, როცა მუშა მდგომარეობაში მხოლოდ 1800 მეგავატი (სიმძლავრეების 37.5 %) იყო.

სემეკის დაარსებიდან უკვე დაახლოებით 27 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში კომისია მუდმივად იხვეწებოდა და სწრაფად ვითარდებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავი უკანასკნელი წლების მიღწევები და რეფორმებია, რომელმაც ქვეყანას შესაძლებლობა მისცა ერთის მხრივ სემეკის ქვეშ რეგულირებული სექტორების მდგრადობისთვის შეეწყო ხელი, ხოლო მეორეს მხრივ მომხმარებელთა უფლებები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული.

აღნიშნული მიღწევების გამოძახილია, რომ სემეკმა კიდევ ერთხელ მოიპოვა წარმატებული მარეგულირებელი კომისიის სტატუსი და ენერგეტიკის სექტორში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიენიჭა უფლება 2026 წელს მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმის საქართველოში გამართვაზე, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის ეფექტიანობა და პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით შეგვიძლია განვიხილოთ. მაგალითად, გასულ წლებში ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. 2017 წლიდან საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების წევრი გახდა, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ 2019 წელს მიღებული საქართველოს კანონით კი მთლიანად შეიცვალა ენერგეტიკული ბაზრის იდეა, რომლის მიხედვითაც დღის წესრიგში დადგა ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის საკითხი. ამ პროცესებში ელექტროენერგეტიკულ საწარმოთა სწორ რეგულირებას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს, რეგულირების მთავარ მექანიზმს და კომისიის ფუნქციონირების ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედს კი ელექტროენერგეტიკულ საწარმოთა ლიცენზირება და ლიცენზირებული კომპანიებისა და სექტორში მოქმედი კომპანიების მუდმივი მონიტორინგი წარმოადგენს. გარდა ამისა, კომისიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება განახლებად ენერგიებსა და ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის პრაქტიკულ განხორციელებაში, რაც გამოიხატება განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელზე პრიორიტეტულ დაშვებაში, აგრეთვე ქსელზე დაშვების ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ ქსელურ ოპერატორებზე დაკისრებაში. აღსანიშნავია, რომ კომისიამ, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, 2021 წელს ასევე დაამტკიცა ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი. კომისიას წამყვანი როლი ენიჭება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რეგულირებისა და წახალისების დანერგვაში, რისთვისაც 2016 წლიდან მოქმედებს ე.წ. „ნეტო აღრიცხვის“ რეგულაცია. ეფექტიან მუშაობაზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს ასევე გასული წლის ბოლოს სემეკის გადაწყვეტილება ენერგიაზე ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით, რაც, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილება გახლავთ, რომლის პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა.

მნიშვნელოვანი მიღწევებია ბუნებრივი გაზის სექტორშიც. თუ 1985 წელს საქართველოში სულ რაღაც 48 ქალაქი და 230 სოფელი იყო გაზიფიცირებული, ბოლო 30 წელიწადში ქვეყნის გაზიფიცირებული დასახლებული პუნქტების რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა.

მსგავსი პროგრესია წყალმომარაგების სექტორშიც, კერძოდ, 2017 წელს შემუშავდა და დამტკიცდა „სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესები“, 2019 წელს კი – „წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესები“, დადგინდა ტარიფები და ლიცენზიატი საწარმოების სალიცენზიო საქმიანობის მონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო ანგარიშგების ფორმები, რამაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მონიტორინგის მექანიზმები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სემეკს კიდევ ერთი რეგულირებადი სექტორი დაემატა, საუბარია მელიორაციის სექტორზე, რომლის დახვეწა/განვითარებაზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც სემეკმა უკანასკნელი წლების განმავლობაში განავითარა მომსახურების განვითარებაა. ამ მიზნით, კომისიაში განხორციელდა არაერთი პროექტი რომელთა შორისაა:

  • ერთი შეხებით პრინციპით მომსახურება;
  • იუსტიციის სახლის სერვისების საწარმოებთან დაკავშირება;
  • ტექსტური შეტყობინებით ინფორმირება და ელექტრონული ქვითარი;
  • ერთიანი USSD კოდი *303#;
  • ნებართვების ერთიანი სივრცე;

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც სემეკის პროგრესი აშკარაა მომხმარებელთა უფლებების დაცვას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, 2014 წლის მარტში კომისიის აპარატში მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი ცალკე სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო მომხმარებელსა და კომპანიას შორის წარმოშობილი დავის დროულ და სრულყოფილ გადაწყვეტას, რასაც ასევე აადვილებს კომისიისა და სასამართლოს პრაქტიკის განზოგადება და გადაწყვეტილებების ამ პრაქტიკის გათვალისწინებით მიღება.

ნებისმიერი ორგანიზაციისთვის ასევე აუცილებელია გამჭვირვალობა და ინფორმაციის საჯაროობის მაღალი ხარისხი. უნდა აღინიშნოს, რომ სემეკმა უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ მიმართულებითაც გადადგა წარმატებული ნაბიჯები. კერძოდ, 2013 წლიდან კომისიამ დაიწყო აქტიური თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორსა და დარგის ექსპერტებთან, რომელთაც სისტემატურად მიეწოდებათ ინფორმაციები კომისიის საქმიანობასა და საკვანძო საკითხებზე. 2014 წლიდან კი სოციალურ ქსელებში ამოქმედდა კომისიის პროფილები, რომელთა საშუალებითაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაციები და, ამავე დროს, გაეცნონ სემეკის ყოველდღიურ საქმიანობას. შეიქმნა და ამოქმედდა კომისიის ახალი ვებგვერდი, სადაც განთავსდა ყველა ინფორმაცია, მათ შორის, ტარიფების გაანგარიშებები, სატარიფო მეთოდოლოგიები თუ სემეკის სხვა დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

საბოლოო ჯამში სემეკის მიერ განხორციელებული სისტემური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ ყველა მიმართულება, დაწყებული რეგულირებადი სექტორებით, დამთავრებული მომხმარებელთა უფლებების დაცვით უკანასკნელ წლებში დიდ პროგრესს განიცდის, რასაც ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მარეგულირებელი კომისიისადმი ნდობის გამოცხადება.