ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ ენერგეტიკაში მხარდაჭერის სქემების გაგრძელება აუცილებელია. ამის შესახებ მან პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში საუბრისას განაცხადა.

„სიმძლავრის აუქციონში ჯამში, 1800 მეგავატზე მეტი მოცულობის პროექტების შესახებ განაცხადი მივიღეთ. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ მხარდაჭერის სქემის გაგრძელება აუცილებელია, რადგან ვხედავთ, რომ დაინტერესება დიდია - იმისთვის, რომ უფრო სწრაფად და უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ მომავალში“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში, მეორე აუქციონი 800 მგვტ სიმძლავრისთვის თებერვალში დასრულდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სიმძლავრის აუქციონის შესახებ დადგენილებისა და წესების მიხედვით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აუქციონში შემოსული განაცხადების განხილვა.

ამასთან, ლევან დავითაშვილის თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების და გადამცემი ქსელის გაძლიერების მიზნით, მომდევნო წლებში საქართველოში დამატებით 1000 კმ-ზე მეტი ელექტროგადამცემი ხაზები აშენდება, მათ შორის, განმტკიცდება და გაძლიერდება მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხაზები.

"აქტიურ ფაზაშია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტიც. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, რომელიც 2024 წლის ივლისისათვის დასრულდება. პარალელურად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მუშაობს პროექტისთვის საჭირო გარემოს და სოციალური ზემოქმედების, ასევე, ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური კვლევების ანგარიშის ჩასატარებლად მომსახურების შესყიდვაზე" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.