სემეკის 2023 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კომისიის მხრიდან მომსახურების გაუმჯობესებამ მომხმარებლების მომართვიანობა შეამცირა. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული სხვადასხვა პროექტის შედეგად საშუალოდ 15%-ით შემცირდა მოქალაქეთა მომართვიანობა ამასთან, 2023 წლის განმავლობაში კომისიას სოციალური ქსელით 1138-მა მომხმარებელმა მომართა, ხოლო შემოსული ზარების მონიტორინგის მიხედვით, ქოლცენტრში 13 396 ზარი შემოვიდა.

მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ძირითადი საკითხები ეხებოდა კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობის დროს წარმოქმნილ სხვადასხვა პრობლემას, კერძოდ, ელექტროენერგეტიკის სექტორში – რეგიონებში ელექტროენერგიის მომარაგების ხშირ წყვეტას, წყალმომარაგების სექტორში – წყლის მიწოდების ხარისხსა და უწყვეტობას, წყალარინების პრობლემებს თბილისსა და რეგიონებში.

სემეკის განცხადებით, კომისიის მუშაობა ეფუძნება საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, ობიექტურ და მიუკერძოებელ მიდგომებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას, ასევე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში მოქმედი კომპანიებისა და კომუნალური სერვისებით მოსარგებლე პირების დროული და ობიექტური ინფორმირების პრინციპებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიზანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის დონის ამაღლება და მომხმარებლებისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება მათი უფლებების შესახებ.

2023 წელს კომისიის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ სატელევიზიო და რადიოგადაცემებში. სისტემატური ხასიათი ჰქონდა მასმედიის წარმომადგენლებთან ბრიფინგებისა და პრესკონფერენციების ჩატარებას, რის შედეგადაც კომისიამ უზრუნველყო მისი საქმიანობის სრულყოფილად გაცნობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისათვის.

აქვე შეგახსენებთ, რომ კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციებისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაცია მუდმივად ახლდებოდა და ქვეყნდებოდა კომისიის ვებგვერდზე www.gnerc.org, ასევე ოფიციალურ Facebook, Twitter, Feedc, Youtube და Linked in გვერდებზე.