სემეკის მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომლებთანაც კომისია აქტიურად თანამშრომლობდა და თანამშრომლობს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისიის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია. სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სიახლეების, გამოწვევების, პროგრესისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კომისიის საქმიანობის განხორციელების პროცესში.

2023 წელს კომისია ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER), ენერგეტიკულ გაერთიანებასთან (Energy Community), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციასთან (ERRA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნულ ასოციაციასა (NARUC) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს პერუში, ქალაქ ლიმაში, ენერგეტიკის რეგულირების შესახებ VIII მსოფლიო ფორუმი გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა და კომისიის თავმჯდომარის უფროსმა მრჩეველმა, მაია მელიქიძემ. ამავე ფორუმზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ენერგეტიკის რეგულირების შესახებ IX მსოფლიო ფორუმის (WFER IX) 2026 წელს საქართველოში ჩატარების თაობაზე.

გარდა ამისა, 2017 წლიდან კომისია ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოში (CEER) დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს. 2023 წელს კომისიის თანამშრომლები ესწრებოდნენ CEER-ის გენერალურ ასამბლეას და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში. ამასთან, 2023 წელს კომისია აქტიურად თანამშრომლობდა კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნულ ასოციაციასთან (NARUC). NARUC-ის ორგანიზებითა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით არაერთი სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი გაიმართა. კომისიის წარმომადგენლები ექსპერტებად იყვნენ მიწვეული უზბეკეთისა და ყაზახეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოებში.

სემეკისთვის ასევე მნიშვნელოვან პოლიტიკას სხვა ქვეყნის მარეგულირებელ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა წარმოადგენს. ამ კუთხით, 2023 წელს ლიეტუვას რესპუბლიკის ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული საბჭოს მიწვევით ორმხრივი შეხვედრა განხორციელდა. ნ. შეხვედრის მიზანი იყო ცოდნის გაზიარება ლიეტუვას ელექტროენერგეტიკული ლიბერალიზებული ბაზრის ტრანსფორმაციის, ტარიფების რეგულირების, ქსელებთან მიერთების წესებისა და სხვა შესაბამისი საკითხების შესახებ. 2023 წელს გაიმართა შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროში არსებული საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსური რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და კომისიის აპარატის თანამშრომლებს შორის. შეხვედრის ფარგლებში კომისიის წარმომადგენლებმა ყირგიზ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია კომისიის დამოუკიდებლობისა და სატარიფო რეგულირების შესახებ. ასევე აღსანიშნავია 2023 წელს მოლდოვის რესპუბლიკის ენერგეტიკის რეგულირების ეროვნულ სააგენტოსა და კომისიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობას ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.