საქართველო 2017 წლიდან energy community-ის წევრია. აღნიშნული წევრობისა და შემდგომში თანამშრომლობის ძირითადი მიზანია, ენერგეტიკულ სექტორში საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კონონმდებლობასთან ჰარმონიზაცია. ასევე ქვეყანაში ენერგოეფექტურობის ზრდა და ენერგეტიკული ბაზრის გახსნა, რაც საბოლოო ჯამში კონკურენციას სექტორში კიდევ უფრო ავითარებს. energynews-ი დაინტერესდება იმით თუ რა ეტაპებს გადის საქართველო ენერგეტიკის სექტორის ევროკავშირთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის კუთხით. სწორედ აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება Energy community-ის დირექტორი არტურ ლორკოვსკი.
რა არის Energy community და რა მიმართულებებით მუშაობს ორგანიზაცია? რა არის თქვენი ძირითადი მიზნები?
ენერგეტიკული საზოგადოება არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია ევროკავშირის შიდა ენერგეტიკული ბაზრის პრინციპების გაფართოება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მეზობელ ქვეყნებში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. ჩვენი ორგანიზაცია ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებითაა დაარსებული, ის გადამწყვეტ როლს ასრულებს ევროპისა და მის მიმდებარე რეგიონებში ენერგეტიკული ლანდშაფტის ფორმირების მიმართულებით, მათ შორისაა: ენერგეტიკული უსაფრთხოება, კონკურენცია, მდგრადობა, ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაცია, მარეგულირებელი რეფორმებისა და ინვესტიციების ხელშეწყობა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში.
ჩვენი უპირველესი მიზანია, ერთიანი ინტეგრირებული ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება. ეს ხედვა გულისხმობს ენერგეტიკული რეგულაციების ჰარმონიზაციას, ტრანსსასაზღვრო ენერგო ვაჭრობის გაღრმავებას და სტაბილური, უსაფრთხო, და მდგრადი ენერგომომარაგების უზრუნველყოფას ყველა მონაწილე მხარისთვის. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ გლობალურ ტრანზიციას მდგრადი და განახლებადი ენერგიის წყაროებისკენ.
უკანასკნელ წლებში, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გლობალური ძალისხმევის შესაბამისად, ჩვენი დღის წესრიგი მიმართულია ენერგეტიკის სექტორში არსებული თანამედროვე გამოწვევებისა და შესაძლებლობებისკენ. დღეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ ისეთი ტიპის ეკონომიკაზე გადასვლას, რომელიც ნახშირბადის გამოყენების დაბალ დონეს უზრუნველყოფს.
როგორ ეხმარება Energy Community წევრ ქვეყნებს ენერგეტიკის სექტორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციასა და ბაზრის გახსნაში?
ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების აღმასრულებელი ორგანო, პასუხისმგებელია ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებასა და აღსრულებაზე. ამასთან, გადამწყვეტ როლს ვთამაშობთ ჩვენი წევრი ქვეყნებისთვის ენერგეტიკის სექტორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციასა და ბაზრის გახსნის ხელშეწყობის მიმართულებით. აღნიშნულს კი ვახორციელებთ მრავალმხრივი მიდგომით, რომელიც მოიცავს რამდენიმე ძირითად ინიციატივასა და მოქმედებას.
პირველ რიგში, ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს და მეორეს მხრივ ვაკვირდებით ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის აღსრულებას. ეს გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ ჩვენმა წევრმა ქვეყნებმა დაიცვან ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელი წესები და რეგულაციები. დარღვევის შემთხვევაში, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ აუცილებელ ზომებს სანქციების აღსასრულებლად. აღსრულების პროაქტიული მექანიზმი ხელს უწყობს თანაბარი პირობების შექმნასა და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას.
გარდა ამისა, ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენი წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ სექტორში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მათ პროგრესს ენერგეტიკული ბაზრისა და კლიმატის პოლიტიკის განვითარების მიმართულებით და ვამზადებთ რეგულარულ ანგარიშებს მათი განხორციელების სტატუსის შესახებ. მონიტორინგის ეს ფუნქცია ემსახურება კრიტიკული უკუკავშირის ციკლს, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ის სფეროები, სადაც ქვეყნებს შეიძლება დასჭირდეთ დახმარება ან მითითება თავიანთი ენერგეტიკული პოლიტიკის რეგიონალურ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
დამატებით შემიძლია გითხრათ ისიც, რომ ჩვენ ხელშემკვრელ მხარეებს ვთავაზობთ იურიდიულ დახმარებას და რჩევებს. ეს მხარდაჭერა მიზნად ისახავს ჩვენს წევრ ქვეყნებში ეფექტური სამართლებრივი და მარეგულირებელი რეფორმების ხელშეწყობას. ექსპერტთა ხელმძღვანელობით ჩვენ ვეხმარებით ქვეყნებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეფორმები არა მხოლოდ შეესაბამებოდეს ჩვენს მიზნებს, არამედ ასევე ეფექტურად ხორციელდებოდეს. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრთან. ეს მოიცავს მთავრობებს, მარეგულირებელ ორგანოებს, ინდუსტრიის მოთამაშეებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
როგორც ცნობილია, არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ორგანიზაცია უკრაინას სხვადასხვა პროექტებითაც ეხმარება. ძირითადად რაზეა ორიენტირებული ეს პროექტები?
ენერგეტიკული საზოგადოების სამდივნო რჩება უკრაინის მხარდამჭერად ენერგეტიკის სექტორის რეფორმებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ევროკომისიასა და უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად ჩვენ შევქმენით უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდი, რომელიც წარმოადგენს ფინანსური დახმარების პლატფორმას უკრაინული ენერგეტიკული კომპანიების გადაუდებელი საჭიროებებისთვის; კერძოდ, ფონდი უზრუნველყოფს ძირითადი აღჭურვილობების, სათადარიგო ნაწილების, ტექნიკური რესურსების, საწვავისა და მასალების მიწოდებას, ასევე რესტავრაციისა და მოვლის მომსახურების გაწევას. აღნიშნული დახმარების ფარგლებში დღეისთვის უკვე გამოყოფილია 405 მილიონი ევრო. გარდა ამისა, უკრაინის მხარდაჭერის სამუშაო ჯგუფი ეფექტურად კოორდინაციას უწევს სპეციალიზებული ენერგეტიკული აღჭურვილობის, საწვავისა და მასალების მიწოდებას. ჯამში ამ კუთხით უკვე 100 გადაზიდვა განხორციელდა და უკრაინას წარმატებით მიეწოდა აღნიშნული საქონელი. გარდა ამისა, ჩვენ ასევე მზად ვართ გავუწიოთ ყოვლისმომცველი დახმარება უკრაინას ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში.
საქართველოზეც ვისაუბროთ. როგორ შეაფასებდით ენერგეტიკის რეფორმის პროცესს საქართველოში?
წარმატებით მიმდინარეობს?
საქართველოს ენერგეტიკული რეფორმის პროცესის შეფასებისას აშკარაა, რომ იყო მიღწევებიც და გამოწვევებიც. ერთ-ერთი მიღწევა არის ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევება, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია საცალო ბაზარზე კონკურენციის ჩამოყალიბებისთვის. გარდა ამისა, საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ენერგოეფექტურობის სფეროში. რეფორმების მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ასევე განახლებადი ენერგიის სიმძლავრის აუქციონების დანერგვა, რაც ხელს უწყობს საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალის ათვისებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს ენერგეტიკის რეფორმის მიმდინარე და სამომავლო ინიციატივების დეტალურ გეგმას. გარდა ამისა, განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში.
თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ რეფორმის პროცესს დაბრკოლებებიც შეიქმნა. გასულ წელს სამდივნომ დაიწყო საქართველოსთან მიმართებაში დავის გადაწყვეტის პროცედურა ელექტროენერგიისა და გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორების განცალკევების ვალდებულების შესურულებლობის გამო. ასევე შეფერხებები იყო როგორც ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის, ისე - ბუნებრივი გაზის სექტორში ბირჟის დაარსებისა და ელექტროენერგიის ინტეგრირების პაკეტის ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანის მიმართულებით.
მთლიანობაში, საქართველოს გზა ენერგეტიკული რეფორმისკენ არის პროგრესისა და მიმდინარე გამოწვევების ნაზავი, რომელიც მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას და ადაპტაციას მიზნების მისაღწევად.
რა მიმართულებით აქვს საქართველოს მეტი სამუშაო ენერგეტიკის სექტორში კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაციის მიზნით?
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ცდილობს თავისი ენერგეტიკული კანონმდებლობის ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, არის გარკვეული სფეროები, სადაც მეტი სამუშაოა საჭირო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის შეფერხებაა. აუცილებელია, რომ საქართველომ აამოქმედოს ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრები დადგენილ საბოლოო ვადაში, კერძოდ, 2024 წლის 1 ივლისს. ბაზრის გახსნის შემდგომმა გადადებამ შეიძლება შეარყიოს არსებითი ნდობა, რომელიც წარმოადგენს წარმატებული საბაზრო ეკონომიკის ქვაკუთხედს. ამ მიმართულებით დროული მოქმედება გადამწყვეტია, რათა შენარჩუნებულ იქნეს ნდობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმების მიმართ.
საქართველომ ასევე უნდა დაასრულოს გადამცემი სისტემის ოპერატორების განცალკევების პროცესი. განცალკევების არარსებობა აფერხებს ქვეყანაში კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრების განვითარებას და მათ ინტეგრაციას ევროპულ ენერგეტიკულ ბაზრებთან, განსაკუთრებით, დაანონსებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფონზე.
ასევე კრიტიკული საკითხია ენერგეტიკული უსაფრთხოება, განსაკუთრებით ბოლო გეოპოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით. საქართველომ როგორც ელექტროენერგიის, ისე - ბუნებრივი გაზის სექტორში უნდა უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მიღება, რაც არა მხოლოდ მარეგულირებელი ნაბიჯია, არამედ, ასევე, სტრატეგიული აუცილებლობაც არის. ამას ხაზს უსვამს რუსეთის ქმედებებით განპირობებული შეფერხებებით გამოწვეული ენერგეტიკული მოწყვლადობა, რაც გამოცდილი აქვს როგორც ევროპას, ისე - საქართველოს. გარდა ამისა, ნავთობის საგანგებო მარაგების შექმნა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ გონივრული ღონისძიება; ეს აუცილებელია ეროვნული ენერგეტიკული მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
ელექტროენერგიის ბაზრის გახსნაზე რომ გავაგრძელოთ საუბარი, როგორია თქვენი მოლოდინი ამ კუთხით საქართველოს მიმართ?
ჩვენ ვუახლოვდებით საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის თარიღს - 2024 წლის 1 ივლისს - და აუცილებელია ხაზი გაესვას ამ მოვლენის აქტუალობასა და მნიშვნელობას. ბაზრის არსებულმა მოდელმა გამოავლინა გარკვეული შეზღუდვები საქართველოში კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბების მიზნის მიღწევის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს საფუძვლიანი გადახედვა და, შესაძლოა, მისი ცვლილებაც.
ამ კონტექსტში, საქართველომ უნდა გამოავლინოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ აღნიშნული რისკები და შეიმუშაოს მათი გადაწყვეტის გზები. ამგვარი პროაქტიული მიდგომა მნიშვნელოვანია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვისაც, რათა მან შეძლოს ეფექტური და მიზანმიმართული დახმარების გაწევა გამოვლენილი რისკების სათანადოდ დასაზღვევად. 2024 წლის 1 ივლისი არ არის მხოლოდ სამიზნე თარიღი; იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ევროპულ ენერგეტიკულ ლანდშაფტში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე.
როგორ და რა გზებით ეხმარება Energy community საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის გახსნაში?
ენერგეტიკული გაერთიანება ეხმარება საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის გახსნაში რამდენიმე გზით, მათ შორის, მარეგულირებელი რეფორმების განხორციელებისას ექსპერტული მხარდაჭერა, ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანის ხელშეწყობა, ბაზრის მოდელთან დაკავშირებული მხარდაჭერის გაწევა და აუცილებელი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების შემუშავების მხარდაჭერა. ეს დახმარება მიზნად ისახავს საქართველოში კონკურენტუნარიანი და ეფექტური ენერგეტიკული ბაზრის შექმნას, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
ამ მხარდაჭერის თვალსაჩინო მაგალითი იყო გასულ წელს, EU4Energy მმართველობის პროექტის ფარგლებში, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების გაწევა უბალანსობის ანგარიშსწორების პროცესის სრულყოფისათვის. ამ ძალისხმევამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩო და უზრუნველყო საბალანსო ბაზრის მზაობა მისი გახსნისთვის. გარდა ამისა, სამდივნო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კონცეფციის გადახედვაში. ეს უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მიერ მიღებული მოდელი არა მხოლოდ ოპტიმალური იყოს ქვეყნის უნიკალური კონტექსტისთვის, არამედ ამავდროულად შეესაბამებოდეს ევროპულ პრაქტიკასა და მოთხოვნებს