ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებისთვის გეგმური ტარიფების დასადგენად სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.

მარეგულირებელი კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გეგმური ტარიფების დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყება პირდაპირპროპორციულად არ ნიშნავს ტარიფების მატებას. რიგი კომპანიებისათვის ტარიფების მოქმედების ვადა იწურება მიმდინარე წლის 31 დეკემბერს. საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, სემეკს აქვს ვალდებულება, ტარიფის ვადის ამოწურვამდე 180 დღით ადრე დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოებები, კომპანიებისათვის, მომდევნო წლებზე გათვლილი ახალი ტარიფების დასადგენად.

საჯარო სხდომაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო:

- ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის მიზნით -  შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“, სს „ეპ ჯორჯია გენერაციას“ საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებისთვის (ლაჯანურჰესი, ძევრულჰესი, გუმათჰესების კასკადი), შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურ „ჟინვალჰესისთვის“;

- საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დადგენის მიზნით -  შპს „გარდაბნის თბოსადგურისა“ და  შპს „ჯიფაუერისთვის“;

-  ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების, საჯარო მომსახურებისა და ბოლო ალტერნატივის მიწოდებისთვის ტარიფების დადგენის მიზნით - სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისთვის“;

- წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მიზნით -  შპს „საჩხერის წყალკანალისთვის“, შპს „საგარეჯოსთვის“, შპს „ბათუმის წყლისთვის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“, შპს „რუსთავის წყალისთვის“.

სემეკის მიერ გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 31 დეკემბერი, ხოლო დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებების სემეკში წარმოდგენის ბოლო ვადად - 2023 წლის 17 აგვისტო.

ადმინისტრაციული წარმოებების პროცესი საჯაროა და დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი კომისიის ვებგვერდზე. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ადმინისტრაციული წარმოებით განსაზღვრულ ვადებში, საკითხთან მიმართებაში დააფიქსიროს მოსაზრება წერილობითი ფორმით. დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს ვინაობა.