ექნებათ თუ არა მოტივაცია ენერგიის შემსყიდველებსა და გამყიდველებს ბირჟაზე ნებაყოფლობით ივაჭრონ - “განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში” (GRADA) ამბობენ, რომ დაინტერესება სექტორში არის და ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი მონაწილეობას მიიღებს ვაჭრობაში.

როგორც “ბიზნესპარტნიორთან” GRADA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ამბობს, ეს პროცესი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემთ განვითარდნენ და დაიწყონ გადასვლა ევროპულ სტანდარტებზე - სადაც ხელშეკრულებები ბირჟაზე ფორმდება და ამავდროულად, ბიზნესები ერთმანეთთან კონკურენციაში შედიან.

“დღეს მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილს გადაწყვეტილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ ბირჟაზე ვაჭრობაში. გამოწვევა ამ პროცესში არის ის, რომ ჯერჯერობით, ეს სიახლეა, თუმცა, ჩემი თხოვნა იქნება, რომ მონაწილეობა მიიღონ. ვინაიდან, ის რისკი, რომელიც შეიძლება გათვლადია, ან გაუთვლელი, გამოვლინდება ამ პროცესში და ახლავე მოხდება ამ რისკების “ჰეჯირება”, რადგან, ჩვენ ვერ გავექცევით ბირჟის ამოქმედებას სავალდებულო რეჟიმში, როდესაც უკვე მაღალი იქნება ალბათობა და რისკი იმისა, რომ ასე თუ ისე გარკვეული სირთულეები გამოვლინდეს ამ პროცესში”- ამბობს მაია მელიქიძე.

შეგახსენებთ, 6-ჯერ გადავადებული ბირჟა 1 ივლისს, ნაწილობრივ, ნებაყოფლობითი ვაჭრობის რეჟიმში გაიხსნება. პირველ ეტაპზე მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრები ამოქმედდება, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის გახსნა 2025 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

სისტემა, ამ დრომდე სატესტო რეჟიმში მუშაობდა და როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, ტექნიკურად უკვე მზად არის.

ბირჟაზე ნებაყოფლობით ივაჭრებენ გენერაციის ობიექტები, რომელთაც აქვთ გასაყიდი ენერგია და მეორე მხრივ, მსხვილი მომხმარებლები, რომლებსაც სჭირდებათ ელექტროენერგიის შესყიდვა.

აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან მათ უკვე სავალდებულო წესით მოუწევთ შესყიდვების განხორციელება, თუმცა, მანამდე ისინი ივაჭრებენ ნებაყოფლობით და ანგარიშსწორებასაც განახორციელებენ - ამ დრომდე ვაჭრობა დემო რეჟიმში მიმდინარეობდა და ფინანსური ტრანზაქციები არ ხორციელდებოდა.

ცვლილებები მოსახლეობას და მცირე და საშუალო ბიზნესს არ ეხება - მათთვის ტარიფებს კვლავაც მარეგულირებელი კომისია - სემეკი დაადგენს.

"ბიზნესპარტნიორი"