სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

“ენერგო პრო” გაყოფის შემდეგ 1.2 მლნ აბონენტისთვის დენის მიწოდებაზე უარს აცხადებს – მთავრობა მოლაპარაკებებს მართავს

საქართველოს უმსხვილესმა ენერგოგამანაწილებელმა კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიამ” შესაძლოა გაყოფის შემდეგ საკუთარი 1.2 მილიონი აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე უარი თქვას.

ეკონომიკის სამინისტროს და სემეკის განმარტებით, კომპანიასთან მოლაპარაკებების წარუმატებლად დამთავრების შემთხვევაშიც, “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა უწყვეტ ელექტრომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.

საკითხის შესახებ ცნობილი პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონის განმარტებითი ბარათიდან გახდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ “ენერგო-პრო ჯორჯიამ” სემეკს აცნობა, რომ ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის გაყოფის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობას აღარ განახორციელებენ.

“სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გარკვეული მიზეზების გამო ამ ეტაპზე უარი განაცხადა განცალკევების შემდეგ მიწოდების საქმიანობის განხორციელებაზე, რაც ქმნის პრობლემას ამ ლიცენზიატის არეალში უნივერსალური მიმწოდებლის ავტორიზაციისთვის, რადგან ელექტროენერგიის ბაზრის გახსნამდე, რაც რეფორმის მთავარ მიზანს წარმოადგენს, ჯერ არ არსებობენ საცალო დონეზე სხვა მიმწოდებლები, რომელთა შორის შესაძლებელი იქნებოდა არჩევანის გაკეთება. სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ გრძელდება ამ თემაზე მუშაობა, თუმცა ამ ეტაპზე საკითხი არ არის გადაწყვეტილი,”- ნათქვამია კანონის განმარტებით ბარათში.

პარლამენტში დაჩქარებული წესით დასამტკიცებლად კანონპროექტი 18 დეკემბერს შევიდა. მისი მეშვეობით 6 თვით, ანუ 2021 წლის 1 ივლისამდე გადაიწია ვადა, რომლისთვისაც ელექტროენერგიის განაწილების ქსელის ფლობის და დენის მიწოდების ბიზნესები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

საქმე იმაშია, რომ ელექტროენერგიის ბაზარზე რამდენიმე წელია რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს. საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით, ბაზრის ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო. ახალ წესებზე გადასვლა გულისხმობს, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს გამანაწილებელი ქსელის ფლობის და ელექტროენერგიის მიწოდების ბიზნესი. დღეს ამ ორივე ფუნქციას “ენერგო-პრო ჯორჯია” და “თელასი” ასრულებენ, ახალი მოდელის მიხედვით კი მათ ქსელის ფლობის და ელექტროენერგიის მიწოდების ბიზნესებად გაყოფა ესაჭიროებათ. გაყოფის შემდეგ შესაძლებელი გახდება, რომ ბაზარზე გამოჩნდნენ სხვა მიმწოდებლებიც, რომლებიც “თელასის” თუ “ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელის მეშვეობით მომხმარებლებს ელექტროენერგიას მიაწვდიან.

“ენერგო-პრო ჯორჯიას სალიცენზიო არეალში ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის ავტორიზაციის საკითხზე ამჟამად გრძელდება კონსულტაციები კომპანია ენერგოპროსთან. ამასთან, განიხილება სხვა ალტერნატივებიც. ამ საკითხზე სათანადო გადაწყვეტილებების მიღება მოხდება 2021 წლის 1 ივლისამდე,”- ამბობენ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში.

სემეკის პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე “არცერთ შემთხვევაში არ დარჩება.”

“მოსახლეობა არცერთ შემთხვევაში არ რჩება ელექტროენერგიის გარეშე, რადგან იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე კერძო კომპანია არ აიღებს პასუხისმეგბელობას, მაშინ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ კონკრეტულ კომპანიას დაავალდებულოს ამ სერვისის შესრულება და უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდება,”- ამბობენ სემეკში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დეკემბერში სემეკმა ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფები დაადგინა, თუმცა ეს ტარიფები დროებითია, რადგან ის ელექტროენერგიის ბაზრის არსებულ მოდელზე დაყრდნობით არის შემუშავებული. მიწოდების და განაწილების ბიზნესების გამიჯვნის წინ (2021 წლის ივლისამდე) სემეკი ახალი მეთოდოლოგიით დაადგენს ელექტროენერგიის ტარიფებს.

ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფების მიღების მიუხედავად, სემეკის გადაწყვეტილებამ როგორც “თელასის” ასევე “ენერგო-პრო ჯორჯიას” უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან კომპანიები სემეკისგან ტარიფების უფრო მკვეთრ ზრდას მოითხოვდნენ. ახალი ტარიფით მოსახლეობისთვის ერთი კილოვატ საათი ელექტროენერგია 3.5 თეთრით, ბიზნესებისთვის კი საშუალოდ 11-13 თეთრით გაძვირდა. თავად სემეკის განცხადებით კი მათ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სამართლიანად დაადგინეს.

“ენერგო-პრო ჯორჯიამ” სემეკის მიერ ტარიფების ზრდის გადაწყვეტილების მიღებამდე სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ კომპანია რთულ ფინანსურ სიტუაციაში იმყოფება.

ჯერჯერობით კომპანიის 2020 წლის ფინანსური შედეგები არ გამოქვეყნებულა, თუმცა 2019 წლის აუდიტორული ანგარიშის თანახმად, კომპანიამ წელი 5.8 მილიონი ლარის მოცულობის ზარალით დაასრულა. 

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2019 წელს “ენერგო-პრო ჯორჯიამ” 707.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2018 წელთან შედარებით 123 მილიონი ლარით ნაკლები იყო. კლების მთავარი მიზეზი კომერციული აბონენტებიდან მიღებული შემოსავლის 100-მილიონით შემცირება გახდა..

2019 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, წყაროების მიხედვით, “ენერგო-პრო ჯორჯიას” შემოსავლები ასე ნაწილდება:

● საყოფაცხოვრებო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება – 227.6 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 2.1%;
● არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება – 431.6 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 22.7%;
● გარანტირებული სიმძლავრის რეალიზაცია – 16 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 6%;
● ელექტროენერგიის გატარება – 10.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 110%.

როგორც ცნობილია, “ენერგო-პრო ჯორჯიასთვის” კიდევ ერთი პრობლემური საკითხი სვანეთის ელექტრომომარეგაა, რომელსაც კომპანია ფაქტობრივად უსასყიდლოდ ახდენს, რადგან რეგიონში გამრიცხველიანება ამ დრომდე არ მომხდარა.

“ენერგო-პრო ჯორჯიას” 100%-იანი წილი ჩეხურ კომპანია ენერგო-პრო ეი.ეს-ს ეკუთვნის. მისი საბოლოო მესაკუთრე კი ბიზნესმენი იარომირ თესარია.

ჩეხური “ენერგო-პრო” საქართველოში კიდევ ერთი კომპანიით – “ენერგო-პრო გენერაციით” არის წარმოდგენილი. კომპანიის საკუთრებაში საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურები შედის. ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2019 წელს კომპანიის მთლიანი შემოსავალი 80.1 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 40 მილიონი ლარი იყო.

წყარო: BMG

პოზიცია