სემეკის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მომხმარებელთა უფლებების დაცვა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მარეგულირებელი კომისია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს კომუნალური მომსახურებების გასაუმჯობესებლად. სემეკის რეგულაციები ორიენტირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, მოქალაქეს, რომელიც თვლის, რომ კომუნალური მომსახურების კომპანიის მიერ დაირღვა მისი უფლება, შეუძლია მიმართოს სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.

სემეკის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 3 თვეში კომისიაში მომხმარებლების მხრიდან 723 განაცხადი შევიდა. ამ განცხადებების საფუძველზე სემეკმა მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა, რომელთა ჯამური ოდენობა 98 911 ლარს შეადგენს. უფრო დეტალურად, მომხმარებლისთვის 7 228 ლარის ჩამოწერა ბუნებრივი გაზის სექტორში მოხდა, 47 123 ლარის ელექტროენერგიის სექტორში, ხოლო სასმელი წყლის სექტორში ჩამოწერილი თანხების ჯამურმა ოდენობამ 44 559 ლარი შეადგინა. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს ჩამოწერილი ხანდაზმული დავალიანების ოდენობა, რომელი 4 615 ლარს შეადგენდა.

როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, კომისიაში მოქმედებს დავების განხილვის გამარტივებული წესი, რაც ხელს უწყობს მომხმარებელთა საჩივრებზე კომისიის სწრაფ რეაგირებას.

„სემეკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დაიცვას ბალანსი ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ სემეკის მხრიდან მიმდინარეობს კომპანიების მუდმივი მონიტორინგი, ფიქსირდება მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები, რაზეც კომისია მკაცრად რეაგირებს. კომისიაში მოქმედებს დავების განხილვის გამარტივებული წესი, რაც ხელს უწყობს მომხმარებელთა საჩივრებზე კომისიის სწრაფ რეაგირებას. სემეკის მიერ შემუშავებული და სექტორებში მოქმედი მარეგულირებელი წესები მკაფიოდ განსაზღვრავს როგორც კომპანიების, ასევე მომხმარებლების უფლება-მოვალეობებს. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა იცოდეს, თუ რა ხარისხისა და სტანდარტების მომსახურება უნდა მოითხოვოს კომუნალური კომპანიისგან“. - აცხადებს დავით ნარმანია.