რონი სოლბერგი - კომპანია
კომპანია "აჭარისწყალი"-ის აღმასრულებელი დირექტორი - რონი სოლბერგი

კომპანია მხოლოდ მაშინ არის შემდგარი, როცა გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე

კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას” ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს _ რონი სოლბერგი, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის, საინტერესო და მრავალწლიანი გამოცდილებით. მის საქმიანობას მრავალმილიონიანი წარმატებული პროექტების მართვა უკავშირდება.

ბატონო რონი, როგორ ფიქრობთ, ჰიდროენერგოპროექტების განხორციელება რამდენად სასარგებლოა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის?

საქართველოს მნიშვნელოვანი ჰიდროენერგორესურსი გააჩნია, რისი ათვისებაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამავდროულად ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე იაფ და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას. ამ სექტორის გაძლიერება, საქართველოს ენერგოსისტემაში იმპორტის შემცირება და ექსპორტის გაზრდა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში არსებული ჰიდრორესურსიდან ათვისებულია მხოლოდ 18% მაშინ, როცა 26 000 მდინარიდან 300-ს დიდი ენერგეტიკული მნიშვნელობა აქვს.

აუცილებელია ასევე, რომ ჰიდროენერგოპროექტები ხორციელდებოდეს გარემოზე ზემოქმედების შემამსუბუქებელი ყველა გარემოების ზედმიწევნის დაცვით, მუდმივი მონიტორინგისა და კონტროლის ქვეშ.

“შუახევიჰესის” პროექტზე შევჩერდეთ, რა იქნება ამ პროექტის განხორციელების შედეგი აჭარის რეგიონისთვის და, ზოგადად, საქართველოსთვის?

შუახევიჰესის” პროექტი არ არის მხოლოდ 187 მგვტ ჰიდროენერგოსადგური. ეს გაცილებით მეტია თავისი მნიშვნელობით როგორც აჭარისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის. 400 000 000 დოლარის ინვესტიცია, რასაც „აჭარისწყალი ჯორჯია” ახორციელებს, ნიშნავს: ჰიდროენერგეტიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნის ბიუჯეტში ფულის შედინებას, კვალიფიციური კადრების შემატებას ქართული ბაზრისთვის, აჭარის რეგიონის განვითარებას, საქართველოს ენერგოსისტემის დამოუკიდებლობის გზაზე სვლის პროცესში წვლილის შეტანას, სოციალური პროექტების განხორციელებას, რომლებიც აჭარის მაღალმთიანეთის გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული.

შუახევიჰესის მშენებლობზე რამდენი ადამიანი დასაქმდა მშენებლობის არეალში მცხოვრები სოფლებიდან?

დღეის მდგომარეობით საქართველოს 650-ზე მეტი მოქალაქეა დასაქმებული   „შუახევიჰესის“ პროექტის ფარგლებში. დასაქმებულთა 90% ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოსახლეობაა. დასაქმებული ადამიანები არ მუშაობენ მხოლოდ მშენებლობაზე, მათი ნაწილი ჩვენი კომპანიის მიერ დაფინანსებულ სოციალურ პროექტებშია ჩართული. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში ჩვენი კომპანიის მიერ დაწყებული სასმელი წყლის რეაბილიტაციის ან ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში განხორციელებული საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტები. ორივე მათგანი სწორედ ამ წუთებში ხორციელდება ადგილობრივების უშუალო მონაწილეობით. ჩვენი კომპანია ყოველდღიურად ცდილობს, რომ „შუახევიჰესის“ პროექტი მაქსიმალურად დადებითად აისახოს თითოეული ადგილობრივის ცხოვრებაზე.

კონკრეტულად რა სოციალურ პროექტებს ახორციელებთ აჭარის რეგიონში და რამდენად ორიენტირებულია ისინი რეგიონის გრძელვადიან განვითარებაზე?

ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტი აჭარის გრძელვადიანი განვითარების მხარდაჭერაა. ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები მოიცავს სხვადასხვა სფეროს: განათლებისა და ცნობიერების ამაღლება, თემების გაძლიერების პროგრამები, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. მაგალითად, წელს სწავლის საფასური დავუფინანსეთ ბაკალავრის საფეხურის 7 სტუდენტს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. ზაფხულში ვიწყებთ სტუდენტთა სტაჟირების პროგრამას, რომლის მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში კვალიფიცირებული კადრების მომზადებას საინჟინრო მიმართულებით. ასევე დავიწყეთ თემების გაძლიერების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს გრანტების გაცემასა და საოჯახო ბიზნესის ხელშეწყობას. საკმაოდ დიდი ჩამონათვალი გვაქვს იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომელსაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად ვახორციელებთ.

იმისათვის, რომ პროექტი იყოს წარმატებული, ამის აუცილებელი წინაპირობაა, რომ ესათუის პროექტი დაიგეგმოს ერთობლივად, ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით.

ყველა სოციალური პროექტი, რომელსაც კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია” ახორციელებს, გრძელვადიან მიზნებზეა ორიენტირებული, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ დაგეგმილმა პროექტებმა რეალური შედეგი მოიტანოს რეგიონის განვითარების პროცესში.

თქვენი აზრით, რა უნდა იყოს ბიზნესის როლი საზოგადოების განვითარების პროცესში და რა ტიპის პასუხისმგებლობა აკისრია წარმატებულ ბიზნესს?

მე ვამაყობ, რომ ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიაა. მის მიერ განხორციელებული ყველა სოციალური პროექტი ამ რეგიონის, საქართველოს უკეთეს ხვალინდელ დღეს ემსახურება.

მე მყავს ოჯახი, შვილები, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაზე ღირებული მათთვის? _ ვფიქრობ, უპირობოა ხარისხიანი განათლების მიცემა. ჩვენი კომპანიის საქმიანობის პრიორიტეტი სწორედ განათლებაზე ორიენტირებული სოციალური პროექტების განხორციელებაა, რისთვისაც მთელი გუნდი თავს არ ვზოგავთ.

ჩემი აზრით, კომპანია მხოლოდ მაშინ არის შემდგარი, როცა გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას ქვეყნის და იმ საზოგადოების წინაშე, სადაც ბიზნესსაქმიანობას ეწევა, როცა ცდილობს საზოგადოებას დაეხმაროს განვითარებაში, გაანალიზოს საჭიროებები, თავისი საქმიანობის პარალელურად დაგეგმოს და განახორციელოს არსებული გამოწვევების შესაბამისი სხვადასხვა ქმედება.

კიდევ რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ,,შუახევიჰესის“ მშენებლობას ქვეყნისთვის?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც ამ პროექტით შეიძენს საქართველო, იქნებიან ის კვალიფიციური, გამოცდილი, ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც მომავალში თავის სიტყვას იტყვიან ამ ქვეყნის განვითარების საკითხში. ამ გამოცდილებით, დაგროვილი ცოდნით ისინი წარმატებულად განახორციელებენ როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვან პროექტებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ამ პროექტის დაწყებამდე გადამზადდა არაერთი ადგილობრივი, რომლებიც სხვადასხვა სამუშაოს ასრულებენ მშენებლობაზე, სწავლობენ და ვითარდებიან პროფესიონალების გვერდით. პროექტის დასრულების შემდგომ, კვალიფიციურ პერსონალს არასდროს გაუჭირდება სამსახურის მოძებნა და ისინი მუდამ მოთხოვნადი იქნებიან ქართული ბაზრისთვის.

დასასრულს, თავად საქართველოზე რას ფიქრობთ?

ჩემი პირველი ემოცია, როცა საქართველოში ჩამოვედი იყო ის, რომ თავისი საოცარი ბუნებით ძალიან ჰგავდა ჩემს ქვეყანას _ ნორვეგიას. დავაგემოვნე ქართული საჭმელი და უზომოდ მომწონს, უკვე მოვასწარი სვანეთის დათვალიერება _ საოცარი, შთამბეჭდავია, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

მომწონს მაღალმთიანი აჭარის სოფლები, თითოეულ მათგანს საოცარი ხედი აქვს, ირგვლივ ბევრი სიმწვანეა და რაც მთავარია, ასეთ თბილ, კეთილ და საოცრად გულღია ადამიანებს არასდროს შევხვედრივარ.

„აჭარისწყალი ჯორჯია“ არის ქართული კომპანია, რომელიც ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ეს არის ერთი ძლიერი გუნდი, მე ვიტყოდი უფრო ოჯახი, რომელიც დაუღალავად შრომობს პროექტის წარმატებისათვის.

პროექტის წარმატება ნიშნავს, ერთი მხრივ, „შუახევიჰესის“ აშენებას და მეორე მხრივ, მშენებლობის არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. როცა ეს ორი მნიშვნელოვანი რამ თანხვედრაშია, მხოლოდ მაშინ შეიძლება პროექტი ჩაითვალოს წარმატებულად.

 

Leave a Reply

Menu Title