სემეკის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ბუნებრივი გაზის წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. ამასთან, 2023 წელს ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.5% დაკმაყოფილდა იმპორტით, ხოლო დარჩენილი 0.5% – ადგილობრივი მოპოვებით. გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა. სემეკის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის ბუნებრივი გაზი კვლავ რჩება ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ. 2023 წელს საქართველოში ბუნებრივი გაზის მიღება განხორციელდა 4 ძირითადი წყაროდან.საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა. სხვადასხვა კონტრაქტის მეშვეობით საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 80%-ს. 

2023 წელს ბუნებრივი გაზის ბაზარზე საქმიანობას ახორციელებდა 28 მიმწოდებელი. მათგან 17 აქტიური იყო მხოლოდ საცალო ბაზარზე, ხოლო 11 – ბაზრის ორივე დონეზე.

დოკუმენტის მიხედვით, ენერგიის ჯამურ მოხმარებაში ბუნებრივი გაზის წილმა 41.8% შეადგინა. შესამჩნევია ქვანახშირის და ბიოსაწვავისა და ნარჩენების წილის შემცირება, რისი ერთ-ერთი მიზეზიც აქტიური გაზიფიცირება და მყარი საწვავის ბუნებრივი გაზით ჩანაცვლება შეიძლება იყოს.  სემეკის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წელი ბუნებრივი გაზის ფასების შედარებით სტაბილურობით გამოირჩეოდა.

შეგახსენებთ, რომ სემეკის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე.