ნენსკრაჰესი ყველა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროექტია
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - ირაკლი კოვზანაძე

ნენსკრაჰესი ყველა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროექტია

ნენსკრა ჰესის ინვესტორმა კორეულმა „ქეი ვოთერმა“ (K Water) ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაასახელა. სვანეთში ნენსკრას 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს ცნობილი იტალიური კომპანია „სალინი-იმპრეჯილო“ (Salini Impregilo) ააშენებს.

გადაწყვეტილება სამშენებლო ტენდერში მონაწილე საერთაშორისო კომპანიებიდან „სალინი იმპრეჯილოს“ (Salini Impregilo) არჩევის თაობაზე „ქეი ვოთერმა“ (K Water) საპარტნიორო ფონდსა და საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით სეულში სამუშაო შეხვედრაზე მიიღო.

ნენსკრაჰესის საკითხთან დაკავშირებით საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე საუბრობს.

პირველ რიგში რომ გვითხრათ როდის დაიწყება მშენებლობა? დაახლოებით რამდენი ხანი დასჭირდება და დეფიციტზე რომელიც საქართველოს აქვს როგორ აისახება ნენსკრას მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია? 

მშენებლობა დაიწყება აგვისტოს ბოლოს, მშენებლობის დასრულებას 51 თვე დასჭირდება მაგრამ ელექტროენერგიას უკვე 39-ე თვეზე მივიღებთ, თქვენ მოგეხსენებათ ამ პროექტზე საპარტნიორო ფონდი წელიწადნახევარზე მეტია მუშაობს და რამოდენიმე დღის წინ დასრულდა. პროექტის დიზაინი ნიშნავს, რომ ჩვენ გამოკვეთილი გვყავს ყველა პარტნიორი, აქ არის კაპიტალის შემავსებელი  კორეული K Water და საპარტნიორო ფონდი. ეს არის კაპიტალის მაფორმირებელი კომპანიები. მნიშვნელოვანია საბანკო კომპონენტი, რომელიც პროექტს სჭირდება და აქაც ჩამოყალიბებულები ვართ ეს არის ევროპის .განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი EBRD, ასევე კორეის ბანკი ქეი ექსიმი და აზიის განვითარების ბანკი. ასე, რომ ფინანსებთან დაკავშირებით ეს სტრუქტურა გვაქვს, რაც მთავარია რამდენიმე დღის წინ დამთავრდა უზარმაზარი საერთაშორისო ტენდერი რომელიც მშენებლობას ეხებოდა და ამ ტენდერში იტალიურმა საერთაშორისო გიგანტმა Salini Impregilo გაიმარჯვა.

როდესაც ვსაუბრობთ ნენსკრას მიერ გამომუშავებულ ელ.ენერგიაზე საინტერესოა ეს ენერგია ექსპორტზე გავა თუ ადგილობრივი ბაზრის მომარაგებისთვის იქნება განკუთვნილი?

სადგურის სიმძლავრე იქნება 280 მეგავატი, ეს იმას ნიშნავს რომ წლიური გამომუშავება არის დაახლოებით 1.2 მილიარდ კვტ.სთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანას ზამთრის პერიოდში დეფიციტი აქვს და ჩვენ ელ.ენერგიის იმპორტს ვახორციელებთ, მე შემიძლია გითხრათ, რომ სადგურის გაშვების შემდეგ ჩვენს ექსპორტს 80%-ით დავაბალანსებთ  და 12 თვის გამომუშავებული ელექტროენერგია, რასაც სადგური აწარმოებს პრაქტიკულად ქვეყანაში დარჩება და ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი საუბრობს იმაზე, რომ მათთვის ეს საშუალო ზომის პროექტია, საინტერესოა როგორი პროექტია საქართველოსთვის ნენსკრა ჰესი?

მათთვის შეიძლება ეს საშუალო ზომის არის იმიტომ, რომ მათ უზარმაზარი გამოცდილება აქვთ და უამრავი ჰიდროელექტროსადგური აქვთ აშენებული. საქართველოსთვის კი ეს ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური იქნება მიმდინარე სადგურების მშენებლობაში. პრაქტიკულად ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს იქნება ყველაზე დიდი მშენებლობა, არა მარტო ენერგეტიკაში. შემიძლია ღიად გითხრათ რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იქნება ყველაზე დიდი მშენებლობა.

ხშირად ისმის რომ მემორანდუმები ფორმდება ენერგეტიკის დარგში , თუმცა ეს მემორანდუმები დიდი ხნის მანძილზე მემორანდუმებად რჩება, ემუქრება თუ არა ასეთი ტიპის საფრთხე ნენსკრას?

ნენსკრას ასეთი, რამ არ ემუქრება, როგორც გითხარით წელიწად ნახევარია საპარტნიორო ფონდი ამ პროექტზე მუშაობს, ამ პროექტში ჩართული ყველა პიროვნება თუ ორგანიზაცია, რომელსაც საინტერესო გამოცდილება ჰქონდათ. ასევე, პროექტში ჩართულები იყვნენ საერთაშორისო დონის კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ასევე საერთაშორისო დონის იურიდიული კომპანიები იმისთვის, რომ მაქსიმალურად ყველა რისკი გამოგვერიცხა, რაც შეიძლება პროექტთან დაკავშირებით ყოფილიყო

ჰესების მშენებლობაში ძალიან მნიშვნელოვანია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების არსებობა, საინტერესოა, როგორი მდგომარეობა აქვს ნენსკრას ამ კუთხით?

ამ თვალსაზრისით პრაქტიკულად რისკები მინიმიზირებულია. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პრაქტიკულად მოსახლეობასთან შეხება არ გვაქვს, ჩვენ გვინდოდა, რომ პროექტი საერთაშორისო სტანდარტებში ყოფილიყო მოქცეული, მათ შორის გარემოზე ზემოქმედებაც და შემიძლია გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ყველა პარამეტრი დაკმაყოფილებულია. ჩვენ ზემოქმედების ანგარიში გამოვაქვეყნეთ, ადგილზე სვანეთში ჩავატარეთ საჯარო განხილვები და გვაქვს გარკვეული შენიშვნები, რაზეც რეაგირებას ვაკეთებთ.

 

 

Leave a Reply

Menu Title