"თელასში" იმედოვნებენ, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი რეალური და სამართლიანი იქნება

თელასში იმედოვნებენ რომ ელ.ენერგიის შესყიდვის ტარიფი რეალური და სამართლიანი იქნება

სემეკის დღევანდელ სხდომაზე სს “თელასისთვის” ელექტროენერგიის შესასყიდი სავარაუდო ღირებულება 11,173 თეთრით განისაზღვრა. თუმცა აღნიშნული თანხა მხოლოდ სავარაუდოა და ჯერჯერობიტ დამტკიცებული არ არის. სს “თელასის”წარმომადგენელი მიშა ანთაძე იმედოვნებს, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი იქნება რეალური და სამართლიანი.
როგორც ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სემეკ-ის მიერ წარმოდგენილ შესასყიდ საპროგნოზო ტარიფთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.
“სემეკ-მა დღეს წარმოადგინა საკუთარი გათვლა “თელასის” ელექტროენერგიის შესასყიდი საპროგნოზო ტარიფების თაობაზე. წარმოდგენილი პრეზენტაციით, შემოთავაზებულ იქნა ე.წ. 16-თვიანი ტარიფი 11.173 თეთრის ოდენობით 1 კვტ.სთ-ზე. ჩვენ გამოვთქვით შენიშვნები ამ ტარიფთან დაკავშირებით. საქმე ეხება “ხრამი 1” და “ხრამი 2″-იდან მისაღები ელექტროენერგიის მოცულობებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული შენიშვნები იქნება გათვალისწინებული და ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი იქნება რეალური და სამართლიანი”, – განაცხადა ანთაძემ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სატარიფო განაცხადით, “თელასს” არ მოუთხოვია კონკრეტულად 6 ან 8 თეთრით ტარიფის ზრდა ან შემცირება; წარმოდგენილი ციფრები მარეგულირებელი კომისიის მიერაა დაანგარიშებული.
კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სამომხმარებლო ტარიფზე შესყიდვის ფასის ცვლილებამ, ანთაძემ აღნიშნა, რომ ამას ვერ იტყვის, რადგან გასათვალისწინებელი და დასათვლელია ტარიფის მეორე უმნიშვნელოვანესი კომპონენტი – “თელასის” განაწილების ტარიფი.”მასაც ითვლის კომისია და ვნახოთ, რა გამოვა საბოლოო ჯამში”, – განაცხადა ანთაძემ.
საჯარო განხილვა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მასზე “თელასის” სამომხმარებლო ტარიფში შემავალ კიდევ ერთი კომპონენტის – საოპერაციო დანახარჯების შესახებ მსჯელობენ. თბილისში დენის ტარიფთან დაკავშირებით სემეკ-ს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა 2015 წლის 18 დეკემბრამდე აქვს.

Leave a Reply

Menu Title