“”ენკას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მაქსიმალურად არის დაცული, როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესები, ასევე, ენერგეტიკისა და ეკონომიკის საჭიროებები”

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებით “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია” განცხადებას აქვეყნებს საკუთრ Facebook გვერდზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“”ნამახვანჰესთან” დაკავშირებით გაფორმებული შეთანხმება რომ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, ეს ასახულია არაერთი დარგის ექსპერტისა და მთავრობის განცხადებებში, ასევე იმ დეტალურ პასუხებში, რაც ეკონომიკის სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციათა კითხვებს გასცა. ამის მიუხედავად, ორგანიზაცია „სამართლიანი ენერგოპოლიტიკა“ კვლავ ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ხელშეკრულება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმეა და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.მიგვაჩნია, რომ ეს მტკიცება იმ სადისკრედიტაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული სიმძაფრითაა აგორებული ქართული ჰიდროენერგეტიკის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, გვსურს აღნიშნული თემით დაინტერესებულ პირებს კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც ნამახვანჰესისა და ზოგადად, ჰიდროენერგეტიკის საკითხებს უკავშირდება:

1. გვინდა გამოვეხმაუროთ ორგანიზაცია „სამართლიანი ენერგოპოლიტიკის“ მიერ ნამახვანჰესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას და ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, კერძოდ: „ნამახვანჰესის“ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას შეისყიდის ენერგობაზარი (ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორი – ესკო) და არა – მთავრობა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტს ხარჯის გაღება არ უწევს და არც რაიმე ტვირთი აწვება. რაც შეეხება ტარიფს, ის ნამდვილად კონკურენტულია და თუ მისი კორექტული და კომპეტენტური შედარება მოხდება იმპორტირებულ პიკური ენერგიის ფასთან, აშკარა გახდება, რომ „ნამახვანჰესის“ ტარიფი გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე იმპორტი დღესაც, ხოლო 15 წლიან პერსპექტივაში ის უფრო და უფრო მომგებიან მდგომარეობაში ჩააყენებს ჩვენს ქვეყანას.

2. მცდარია „სამართლიანი ენერგოპოლიტიკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ შეთანხმება არის დაუბალანსებელი. პირიქით, საქართველოსა და „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მაქსიმალურად არის დაცული, როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესები, ასევე, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისა და ეკონომიკის საჭიროებები. მხარეებს შორის ხელშეკრულების მომზადების პროცესში, სახელმწიფოს მხრიდან, ჩართული იყვნენ საუკეთესო ექსპერტები ისეთი მაღალი რანგის საერთაშორისო იურიდიული კომპანიიდან, როგორიცაა White&Case და სხვ.ხელშეკრულება აბსოლუტურად პასუხობს კერძო საჯარო თანამშრომლობის პრინციპებსა და დამკვიდრებულ საერთაშორისო პრაქტიკას (World Bank Group – Guidance on PPP Contractual Provisions). კერძოდ: ინვესტორის პასუხისმგებლობაა მოიზიდოს მშენებლობისთვის საჭირო ფინანსები, ააშენოს ჰიდროელექტროსადგური დადგენილ ვადებში და დამტკიცებული პროექტის მიხედვით გამოიმუშაოს ქვეყნისთვის აუცილებელი ელექტრო ენერეგია. თავის მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია, კომპანიას გადასცეს პროექტისთვის საჭირო მიწის ნაკვეთები, შეუქმნას ინვესტორს ხელსაყრელი სამუშაო პირობები, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოდ მუშაობა და 15 წლის განმავლობაში ზამთრის თვეებში გამომუშავებული ელექტროენერგიის კონკრეტულ ფასად შესყიდვა. ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის პასუხისმგებლობების ასეთი გადანაწილება არის მაქსიმალურად დაბალანსებული.

3. სიმართლეს არ შეესაბამება განცხადება იმის თაობაზე, რომ კომპანია საქართველოს ბუნებრივ რესურსს, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს ვალდებულებას, რომ ენერგიის რეალიზება შიდა ბაზარზე მოხდება. მოგახსენებთ, რომ რეალურად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის N136 დადგენილების თანახმად, სტრატეგიული პროექტები, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს ინტერესს წარმოადგენს, შესაძლოა გათავისუფლდეს ლიცენზიის მოპოვებისთვის საჭირო აუქციონისგან. თუმცა კომპანია, რომელიც მიიღებს მსგავს პრივილეგიას, მაინც სრულად გადაიხდის წიაღისეულის მოსაპოვებლად დადგენილ საფასურს. აღნიშნული წესი მიღებულია ნამახვანჰესის მშენებლობის დაწყებამდე 15 წლით ადრე და ამ წესით სარგებლობა ყველა სტრატეგიულ პროექტს შეუძლია. შესაბამისად, ნამახვანჰესის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ვალდებულების აღება კანონიერია და უფრო მეტიც, ამ მასშტაბის პროექტებთან მიმართებაში დამკვიდრებულ საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება (იხ. მუხლი 3.2.4).

4. რაც შეეხება “სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის” მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ მცდარ ინფორმაციას, რომ “ნამახვანი ჰესის” ინვესტორი კომპანია არ იღებს ვალდებულებას, ენერგიის რელიზება მოხდეს შიდა ბაზარზე. გვინდა ხაზგასმით განვმარტოთ, რომ ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორ კომპანიას არ აქვს ექსპორტზე დაშვების გარანტირებული პირობა ანუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით უნდა იხელმძღვანელოს. ელექტროენერგიის ქვეყნის გარეთ გაყიდვის სურვილის შემთხვევაში, კომპანიამ ყოველი წლის დაწყებამდე, შემდეგი წლის ენერგობალანსში ასახვის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან უნდა შეათანხმოს საექსპორტო მოცულობები და პერიოდი. ასევე ინვესტორი კომპანია ვალდებულია მიიღოს შესაბამის აუქციონში მონაწილეობა, რომელშიც განსაზღვრულია საექსპორტო მოცულობების კვოტები. ამ აუქციონში მონაწილეობა ნებისმიერ სადგურს შეუძლია ყველასთვის განსაზღვრული თანაბარი პირობების შესაბამისად. დაინტერესებულ პირებს უნდა ესმოდეთ, რომ გენერაციის ობიექტების ფუნქციონირება დამოკიდებულია გადაცემის ოპერატორზე, რაც საქართველოს შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელშია. შესაბამისად, სახელმწიფოს დასტურისა და კონტროლის გარეშე ელექტროენერგიის ექსპორტი ვერ განხორციელდება თუ ქვეყანაში დეფიციტია. უკანასკნელ წლებში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა) მხოლოდ ზაფხულის წყალუხვობის პერიოდში ხორციელდება და არა ზამთრის დეფიციტის დროს.თავის მხრივ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ენერგოსისტემა მთლიანად ექვემდებარება სტრატეგიულ კონტროლს და პირველ რიგში, ქვეყნის შიდა მოთხოვნასა და საჭიროებებს ემსახურება. აღნიშნული ინფორმაცია შეგნებულად ვრცელდება დამახინჯებული ფორმით, როგორც მრავალი სხვა, რათა ჩვენი კეთილსინდისიერი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა მოხდეს, რომ გახდნენ რუსული ჰიბრიდული ომის იარაღი და მოხდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის და დამოუკიდებლობის შესუსტება!

5. რაც შეეხება EMC-ის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც თავის მხრივ სპეკულაციურია და მიზნად ისახავს ფაქტების დამახინჯებას, მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამომწურავი, არგუმენტირებული პასუხი გასცა.”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხი EMC-ის დასკვნის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/…/1GNpvPo3gfKIlJVp0jUVD…/view


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply