“საქართველოში არსებული წიაღისეული მარაგების უმრავლესობა არარენტაბელურია”

ბოლო პერიოდში Facebook სივრცეში აქტიურად ვრცელდებოდა ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, სადაც ის საუბრობდა რიონის ხეობაში არსებული ურანის, სპილენძის, ოქროს და სხვა წიაღისეულის დიდი მარაგების შესახებ და ირწმუნებოდა, რომ ინვესტორი თუქეთიდან თუ ჰესის მშენებლობის დროს აღმოაჩენდა ოქროს, ურანის თუ სხვა წიაღისეულის საბადოს, მას უფლება ექნებოდა მათი ლიცენზიის გარეშე მოპოვებისა და გაყიდვის. ხსენებულ პოსტზე უამრავ მომხმარებელს საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა და ძალიან ბევრმა ისიც აღნიშნა, თუ რამდენად მდიდარია საქართველო სასრგებლო წიაღისეულით, რომლის სათანადოდ ათვისება და გამოყენება არ ხდება.

ხსენებულ თემებზე სასაუბროდ, „ენერგონიუსი“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, გეოლოგს –  ალექსანდრე თვალჭრელიძე დაუკავშირდა.

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია რიონის ხეობაში ურან-238 დიდი საბადოს არსებობის შესახებ. რამდენად შეეფერება აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს?

დავიწყოთ იმით, რომ ზოგადად საბადოები არ არსებობს მხოლოდ ურან-238-ის, ისინი გვხვდება ურანის იზოტოპების – ურან-238-ისა და ურან-235-ის  ნარევის სახით. ხსენებულ რეგიონში მსგავსი ტიპის საბადოს არსებობის ალბათობა არის ნულის ტოლი. ზოგადად, ურანის საბადოები მსოფლიოში არის 12 ტიპის და ყველა განლაგებულია ბაქნებზე: ჩეხური საბადოები – ჩეხეთის მასივში; ყაზახური საბადოები – ყაზახეთში; ავსტრალიაში, მათ შორის უნიკალური საბადო ოლიმპიკზე – ყველაზე დიდი საბადო მსოფლიოში, რომელიც წარმოიშვა მეტეორიტის დაცემის შედეგად, მის მიერ წარმოქმნილ ძაბრში. ანუ, ხსენებულ კითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი – “საქართველოში ურანს ვერ აღმოაჩენთ და ეს მგონი ძალიან კარგია”.

ასევე აქტიურად ვრცელდება სხვა ისეთი მინერალების, როგორიცაა ბარიტი და კალციტი, დიდი მარაგების არსებობის შესახებაც

ბარიტი განლაგებულია გაცილებით უფრო ჩრდილოეთით და არის, მათ შორის უნიკალური საბადო სოფელ ირში,  აღმოსავლეთით, ფაქტობრივად სამხრეთ ოსეთის საზღვართან, დაახლოებით ერთ კილომეტრში. ეს იყო ერთადერთი საბადო ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელსაც არ სჭირდებოდა ფლოტაციური გამდიდრება (შენიშვნა: ფლოტაცია – სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების მეთოდი, რომელიც ემყარება დაწვრილმანებული მინერალების ფაზათა გაყოფის საზღვარზე დასველებადობით ან ზედაპირის აქტივობით შერჩენის სხვადასხვა უნარს), რადგან საბადოს ძარღვში არის 87-88% სუფთა ბარიტი, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთი ტონა ბარიტის ფასი, ამჟამინდელი მონაცემებით, არის 35 ამერიკული დოლარი. ანუ, საკმაოდ არარენტაბელურია. ძალიან მინდოდა, რომ ინვესტორები დაგვეინტერესებინა ხსენებული უნიკალური საბადოთი, მაგრამ წინასწარი გათვლებით აღმოჩნდა, რომ 20 წლის განმავლობაში მოგება იქნებოდა სულ რაღაც 35 მილიონი დოლარი, რაც ბუნებრივია ვერ დააინტერესებს ვერცერთ ინვესტორს, მით უმეტეს, ბარიტი ამჟამდ გამოიყენება მხოლოდ საბურღ საშუალებებში, ნავთობის პოსაპოვებლად საჭირო ბურღვითი სამუშაოების ჩატარების დროს, ისიც დაბალი ხარისხის ბარიტი, მაღალი ხარისხის ბარიტის საჭიროება არ არის. ეს რაც შეეხება ბარიტს.

თუ ვისაუბრებთ ზოგადად სასარგებლო წიაღისეულის საბადოებზე საქართველოში, რაჭაში არის ანთიმონიუმის საბადო, თუმცა ის განლაგებულია პირდაპირ წყალგამყოფზე, ერთი კილომეტრია რუსეთის ფედერაციასთან საზღვრამდე. არის ძალიან პატარ-პატარა მარაგები სხვა ისეთი წიაღისეულის, როგორიცაა ვერცხლისწყალი, სამხრეთით ასევე არის ძალიან მცირე რაოდენობით მანგანუმი, მაგრამ, სამწუხაროთ აცერთი მათგანი სამრეწველო ხასიათსის არ არის. გვაქვს ასევე მოსაპირკეთებელი ქვების მარაგები, მაგრამ მათი მოპოვება ასევე არარენტაბელურია რკინიგზის არარსებობის გამო, რადგან გადაზიდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, საწვავზე არსებული ფასების გამო, წამგებიანია.

სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ სასარგებლო წიაღისეულის თვალსაზრისით არ ვართ სახარბიელო მდგომარეობაში, ხოლო უკვე არსებულ და მოქმედ ისეთ საბადოებს, როგორიცაა მაგალითად, ლუხუნის დარიშხანის საბადო ამბროლაურის რაიონში, ზოფხიტოს საბადოს ზემო რაჭაში (შენიშვნა: ოქროსა და ლალის მარაგი), არაფერი ემუქრებათ, მათ შორის დატბორვის სახით. ზოგადად, მე ჰესების ზოგიერთი მოწინააღმდეგისგან განსხვავებით, აღნიშნული საკითხი დეტალურად შევისწავლე და  რაც ვნახე GPS ნიშნულებით, წყალსაცავებთან არსებულ დაცულ მეორე სანიტარულ ზონასთან არანაირ მადნანგამოვლინებას არ აქვს ადგილი.

საუბრობენ ასევე ხსენებულ ტერიტორიაზე სპილენძის მარაგების არსებობის შესახებაც.

კავკასიიონის სამხრეთ ფერდობზე არის სულ სამი სპილენძის საბადო. ერთი გახლავთ ადანგეს საბადო ადანგეს უღელტეხილთან, მეორე არის ზესხოს საბადო სვანეთში და არტანის საბადო ყვარლის რაიონში. მეტი სპილენძის საბადო ფიზიკურად არ არსებობს. აქედან ყველაზე მეტი მადანგამოვლინება არის კახეთის რეგიონში. თუმცა, არც ხსენებული საბადოები, სამწუხაროდ, არ არის რენტაბელური. ანუ, რომ წარმოიდგინოთ, ძალიან მაღალ მთაში, წყალგამყოფთან არის ორი-სამი ძარღვი, რომლის სიმძლავრეც არის 30 სმ და რომელიც ვერტიკალურად მიდის ქვევით, ხოლო შემცველობა სულ 1-2%. მათი მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ შახტური წესით და შესაბამისად, არ არის მომგებიანი. იმდენად არარენტაბელურია, რომ ბალანსზეც კი არ არის მათი მარაგი აყვანილი და აბსოლიტურად სწორადაც.

თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოში არსებული წიაღისეული მარაგების უმრავლესობა არარენტაბელურია. თუ გვაქვს ისეთი წიაღისეული რესურსი, რომელის მოპოვებაც შეიძლება მომგებიანი იყოს ქვეყნისთვის?

უმთავრესი აქცენტი უნდა გაკეთდეს ოქროს მარაგებზე. ოღონდ ძებნა უნდა მოხდეს სხვანაირად და არ იქ სადაც ამჟამად ეძებენ. სამცხე-ჯავახეთში არის სხვა ტიპის ოქროს საბადოები. მე, თავის დროზე, შემოვიყვანე ქვეყანაში მსოფლიოში სიდიდით მეორე სამთო და მეტალურგიული კომპანია “რიო-ტინტო“, რომელიც გეგმავდა დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ინვევსტიციის ჩადებას, მხოლოდ იმ პირობით, რომ მოპოვებული ოქრო, ლიცენზიის პირობებით, იქნებოდა მათი. პროცესი დაახლოებით 2 წელი გაიწელა, სახელმწიფოსგან თანხმობა ხსენებული პერიოდის განმავლობაში ვერ მიიღეს. ბოლოს ინვესტორსაც მობეზრდა ლოდინი და ახლა საქართველოს გაგონებაც აღარ უნდათ.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვაქვს ასევე სხვა სტრატეგიული არამადნეული ნედლეულიც, ეს არის ბენტონიტური თიხები, რომლის 38 საბადო არის საქართველოში, ასევე ცეოლიტები, დიატომიტი, პერლიტი  და ა.შ. სამწუხაროდ ყველა ხსენებული საბადო სრულად არის გაჩანაგებული და არ ხდება მასში ინვესტიციების ჩადება.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title