“ნახევრად კედლის აღება არაფერს ცვლის, ჩვენ ვითხოვთ გადაადგილების უფლებას”

გუმათჰესთან პოლიციამ რკინის კედელი გზის სავალი ნაწილიდან აიღო, თუმცა გზაზე ჯებირები მაინც რჩება, გადაადგილება კვლავ შეზღუდულია. მოძრაობა – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი  ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ნახევრად აღებული რკინის კონსტრუქციები არაფერს ნიშნავს.

„ნახევრად კედლის აღება ბუნებრივია არ ცვლის არაფერს ჩვენთვის. ჩვენ ვითხოვთ გადაადგილების უფლებას და ნამახვანში, ჩვენი პროტესტის ძირითად ადგილას დაბრუნებას. ვიდრე გადაადგილების უფლება არ მოგვეცემა ნახევრად აღებული კედელი ჩვენთვის არსებითად არაფერს ცვლის. ბუნებრივია, დაველოდებით პირობების შესრყოებას მათგან, “- ამბობს ის.

მისი თქმით, ისინი ელოდებიან ხელისუფლებისგან ნაბიჯს. როგორც აქტივისტი ამბობს, სავარაუდო ვადად დასახელებყლი იყო 3-4 დღე, ამიტომ ისინი ამ პერიოდში ელოდებიან პირობებზე ხელისუფლების პასუხს.


1 აპრილს პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები აიღო.  ამ დღიდან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათჰესთან არიან შეკრებილი. ისინი მოითხოვენ, რომ პოლიციამ მათ სოფელ ნამოხვანში გადაადგილების საშუალება მისცეს. პოლიციამ 14 აპრილს ადგილზე რკინის ღობეც აღმართა და პროტესტის მონაწილეებს ხეობაში არ უშვებდა.

გზის გახსნა და ნამოხვანში დაბრუნება არის ერთ-ერთი პირობა დიალოგის განახლებისთვის – 16 აპრილს ქუთაისში ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. მოძრაობის – „რიონის ხეობის” გადარჩენისთვის” აქტივისტის ვარლამ გოლეთიანი თქმით, მათ წამოაყენეს სამი პირობა იმისთვის, რომ დიალოგის გაგრძელება იყოს შესაძლებელი.

„შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა, რაც ხეობაშია და გამოლაგდნენ იქიდან პოლიციელები, აიღონ ის რკინის ფარდა, რომელიც იქაა. შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები და ჩვენ დავბრუნდეთ პროტესტის ადგილას – ნამოხვანში. კარვები, რომლებიც დაგვირბიეს, აუცილებლად უნდა დაგვიბრუნონ იქ”, – განაცხადა მან შეხვედრის შემდეგ.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply