შესაძლოა, რუსეთი ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებს გამოეთიშოს

მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით უფრო საინტერესო გახდა. თუ აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს პროცესის წარმატება სურს, მან დაჟინებით უნდა მოითხოვოს, ერთი წევრით ნაკლები შემადგენლობით გაგრძელება.

ამ კვირაში, ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს 26 აპრილს გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს. მასში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი აღიარებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალები განსაზღვრავდნენ მის პოზიციებს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებაში. ამ აღიარებამ დაადასტურა კრიტიკოსების მოსაზრება, რომ ზარიფი უბრალოდ არის ირანის კონსერვატიული ძალების წარმომადგენელი და არა საპირწონე.

ჩანაწერის ყველაზე საყურადღებო მომენტი ამჟღავნებს რუსეთის წინააღმდეგობას 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მიმართ. ზარიფი ამბობს, რომ რუსეთმა მთელი მისი ძალა გამოიყენა გარიგების წინააღმდეგ, რადგან მოსკოვის ინტერესებში არ შედის ირანის ურთიერთობების ნორმალიზება დასავლეთთან. ეს სკანდალური აღიარებაა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი იყო ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთი, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა ირანთან.

ბირთვული შეთანხმებისადმი რუსეთის წინააღმდეგობის საილუსტრაციოდ, ზარიფი მიუთითებს ირანის გარდაცვლილი  გენერლის, კასემ სოლეიმანის მოსკოვში ვიზიტზე მოლაპარაკებების დასრულებისთანავე. იქ ყოფნისას, სოლეიმანმა ცალკე შეთანხმება დადო რუსეთსა და ირანს შორის, რათა დახმარებოდნენ სირიის დიქტატორს, ბაშარ ალ ასადს სირიის სამოქალაქო ომში. იმ დროს, აშშ და მისი მოკავშირეები მხარს უჭერდნენ ასადის მოწინააღმდეგე ზომიერ დაჯგუფებებს. ზარიფის თქმით, სოლეიმანის ვიზიტი მიზნად ისახავდა ბირთვულ შეთანხმებაზე პროგრესის ნეიტრალიზაციას.

ზარიფის აღიარება გვეხმარება ავხსნათ, აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნების მიერ მიღებული დათმობები მოლაპარაკებების დასრულებისას. მაგალითად, რუსეთი დაჟინებით ითხოვდა გაეროს მიერ ირანისთვის ჩვეულებრივი იარაღის მიყიდვის აკრძალვის გაუქმებას, რომელსაც გასულ წელს ამოეწურა ვადა. საბოლოო გარიგება ასევე აღარ საჭიროებდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ვერიფიკაციას, რომ ირანის ადრინდელი ბირთვული აქტივობები არ იყო იარაღის პროგრამის ნაწილი. შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევდა, რომ ეს დათმობები ურთიერთობებს დაძაბავდა ვაშინგტონთან.

აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ იყო. ირან-რუსეთის ცალკეულმა შეთანხმებამ ხელი არ შეუშალა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას, რომ გარიგებისთვის მხარდასაჭერად, თავის მხარეზე გადმოებირებინათ კონგრესში სკეპტიკურად განწყობილი დემოკრატები.

ყოველივე ეს ხელს უწყობს იმის ახსნას, თუ რატომ არის ასე სუსტი გარიგება, საიდანაც აშშ გამოვიდა 2018 წელს. მაგრამ ეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვას ბადებს: რა გამართლება აქვს ამ ეტაპზე რუსეთს, რომ იყოს ექვსი ქვეყნის ჯგუფში, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანთან?

საწყის მოლაპარაკებებში, რუსეთის ჩართულობა იმით იყო გამართლებული, რომ რუსეთს და აშშ-ს ერთობლივად სურდათ, რომ ხელი შეეშალათ ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვებაში. გარდა ამისა, ობამას ადმინისტრაციას არ სჯეროდა, რომ ირანის იძულებას შეძლებდნენ ბირთვული შეთანხმების მიღებაში, ერთიანი ფრონტის გარეშე. თუ რუსეთი და ჩინეთი ანეიტრალებდნენ ამერიკის არაეფექტურ სანქციებს, მაშინ ირანი ვერასდროს იგრძნობდა საკმარის ეკონომიკურ ზეწოლას, ბირთვული მოლაპარაკებების მისაღებად.

ეს არგუმენტი გაბათილდა აშშ-ის მიერ 2018 და 2019 წლებში ცალმხრივად დაწესებული სანქციების წარმატების შედეგად, რითაც უცხოური ბანკები და ნავთობკომპანიები დისტანცირდნენ ირანისგან. აშშ-ს საკმარისი ფინანსური და ეკონომიკური რესურსი აქვს, ამგვარი ზომების მისაღებად.

კვლავ რჩება კითხვა: რატომ მონაწილეობს რუსეთი ბირთვულ მოლაპარაკებებში? ეს რუსეთისთვის ერთგვარი ბერკეტია ბაიდენის წინააღმდეგ, რომლის წინასაარჩევნო კამპანია რუსეთის მიმართ ხისტ პოზიციას მოიცავდა.

ირანს ესმის, რომ მხოლოდ ამერიკას შეუძლია უზრუნველყოს საკმარისი დონის ეკონომიკური განმუხტვა. რუსეთის ჩართვა ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებში მხოლოდ დიპლომატიური ზიანის პროვოცირებაა. ამ აზრს იზიარებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

წყარო: “ბიზნეს ფორმულა”


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply