ენერგოეფეტურობა და სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარება – რას მოხმარდება GCF-ის €30 მლნ-იანი გრანტი

კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გრანტი საპილოტედ საქართველოს სამ რეგიონს შეეხება. 30 მლნ ევროზე მეტი ფინანსური დახმარება საქართველოს 8 მუნიციპალიტეტს, მათ შორის, გურიის სამივე მუნციპალიტეტს, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის შერჩეულ მუნიციპალიტეტებს მოხმარდება. თანხა ენერგოეფექტურობის, ენერგოეფექტური ღუმელებისა და სატყეო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ და სატყეო განათლებისა და ცნობიერების ამაღლებისკენ იქნება მიმართული.

როგორც ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტში აცხადებენ, კლიმატის მწვანე ფონდში საკმაოდ მაღალი კონკურენცია იყო. პროექტი გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით 2 წელი მუშავდებოდა და საბჭომ ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენის გადაწყვეტილება გასული წლის ზაფხულში მიიღო. აღნიშნული კი, ბიო მრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის უფროსის კარლო ამირგულაშვილის თქმით, მთლიანად სატყეო სექტორის განვითარებას უნდა მოხმარდეს.

შეგახსენებთ, რომ კლიმატის მწვანე ფონდი წარმოადგენს UNFCCC-ის ფინანსური მექანიზმის მოქმედ ორგანოს, და სხვა საქმიანობებთან ერთად მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერას, რათა მათ განახორციელონ პარიზის შეთანხმება კლიმატის დაფინანსების ზრდადი გარემოს ფარგლებში.

Leave a Reply