კახა კუჭავა “ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა აცხადებს, რომ მისი აპარატიდან ვარლამ გოლეთიანთან დაკავშირების მიზეზი იმის გარკვევა იყო, ხედავენ თუ არა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები პროცესში პარლამენტის ჩართვის საჭიროებას.

„მასთან დაკავშირების მიზეზი ძალიან მარტივი იყო – რომ გამეცნო და მომესმინა, რეალურად, რამდენად ხედავენ ისინი საშუალებას, რომ პარლამენტი ამ დისკუსიაში ჩაერთოს, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და რაც შეიძლება, მოკლე ვადებში დაახლოვდეს პოზიციები, მიიღწეს შეთანხმება ან – არა და, რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი საჯარო ყოფილიყო. ფორმატი, რომელიც მათ შემოგვთავაზეს, რა თქმა უნდა, არაა კონსტრუქციულობის ჩარჩოში, ფიზიკურად შეუძლებელია ამ საკითხების ასობით ადამიანთან განხილვა. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ჩვენ ნამდვილად გვქონდა პრაქტიკა, როდესაც მსგავს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ყველა ჩვენი შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მათ შორის – Facebook-ლაივით. ეს ვიდეოები დღესაც არსებობს და ყველას შეუძლია ნახოს. რაც ყველაზე მთავარია, ასეთი სამუშაო ჯგუფის საბოლოო შედეგი დასრულდა წარმატებით. ამ შემთხვევაში, ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, ყოფილიყო კომუნიკაცია, გაჩნდეს ნდობა და მომესმინა, რამდენად აქვთ ამ ფორმატით დისკუსიის გაგრძელების სურვილი. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა – თუ მათ სურვილი ექნებათ, შემიძლია, შევხვდე, რამდენი ადამიანიც იქნება, რათა კონსტრუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ, მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდით ამ პროცესში სრულიად გამჭვირვალედ, ყველა ჩართული მხარის მონაწილეობით საუბარს ნებისმიერი ფორმატით, იქნება ეს პირდაპირი ეთერი, ტელევიზია, Facebook-ი თუ სხვა სოციალური ქსელები. ჩემი შეთავაზება ძალაშია – შედგეს პირველი შეხვედრა და თუ მათი მხრიდან იქნება ინტერესი, რომ ამ ფორმატში გავაგრძელოთ მუშაობა, მიმაჩნია, რომ პარლამენტი საინტერესო შემადგენლობით, მათ შორის – ოპოზიციური პარტიების მონაწილეობითაც ისაუბრებს მათთან ერთად. ეს არ იყო შეხვედრა, რომელზეც მე რაღაც პირობებზე უნდა მესაუბრა, მე არ მქონდა კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. უბრალოდ, ესაა შეთავაზება, მიიჩნევენ თუ არა ისინი საჭიროდ პარლამენტის ძალიან მაღალ დონეზე ჩართულობას, იმისთვის, რომ საკითხი, რომელიც ყველას ადარდებს, გადაიჭრას ყველას ინტერესების გათვალისწინებით და, რაც ყველაზე მთავარია – კონსენსუსის მიღწევით“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Leave a Reply