“მწვანე ენერგიის” წილი უკრაინის ენერგეტიკაში გასული წლის განმავლობაში გაორმაგდა

2020 წელს უკრაინაში ენერგიის წარმოებაში მზისა და ქარის ელექტროსადგურების წილი გაორმაგდა და 6.8% შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3.3% იყო. აღნიშნულის შესახებ “უკრენერგოს” პრესსამსახური იუწყება.

გასულ წელს ქარისა და მზის სადგურების მიერ გამომუშავებული სიმძლავრე 41%–ით ანუ 1,9 გიგავატით გაიზარდა და 6,4 გიგავატს მიაღწია. საერთო ჯამში, მზისა და ქარის ელექტროსადგურებმა 2020 წლის განმავლობაში 148.9 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს.

განახლებადი ენერგიის წარმოებისა და დადგმული სიმძლავრის ზრდა ძირითადად დაფიქსირდა მზის ენერგიის წარმოებაში – 1.8 გვტ.

”მზის ელექტროსადგურების გამომუშავების პიკი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდზე მოდის, რომელიც ემთხვევა დღის მოხმარების შემცირების საათებს (12:00 საათიდან 17:00 საათამდე), რაც დასაბალანსებლად მოქნილ ინსტრუმენტებს საჭიროებს. სწორედ აღნიშნული იყო შარშან და წელსაც რჩება განახლებადი წყაროების, ძირითადად კი მზის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის, უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაში ინტეგრირების მთავარ პრობლემად”, – განმარტავს “უკრენერგო”.

უკრაინის ერთიანი ენერგო სისტემის ოპერატორის პროგნოზების თანახმად, “მწვანე” ენერგეტიკული შესაძლებლობების ზრდა 2021 წელსაც გაგრძელდება და, შესაბამისად, გაიზრდება მისი წილი უკრაინაში ელექტროენერგიის წარმოების მთლიან სისტემაშიც.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply