უკრაინა “თურქული ნაკადის” გამო კომპენსაციას ითხოვს

კიევი გეგმავს მოლაპარაკების გამართვას ბრიუსელთან, “თურქული ნაკადის” გამო, გაზის “სამხრეთით” ტრანზიტის დაკარგვისგან გამოწვეული ზარალისთვის კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით. ოქსანა იშჩუკმა, კიევის გლობალური კვლევების ცენტრის „სტრატეგია XXI“-ის დირექტორმა აღნიშნული განცხადება „უკრაინფორმის“ სტატიაში გააკეთა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ რუსული გაზსადენის პროექტი Nord Stream 2 ამოქმედდება, ქვეყანას 10-15 წლით ბუნებრივი აირის სტაბილურად მიწოდების გარანტიები დასჭირდება.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ევროკავშირისგან გარანტიები ბუნებრივი აირის ფასებთან დაკავშირებითაც მოითხოვა.

“უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორის” ხელმძღვანელმა სერგეი მაკოგონმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის, Nord Stream 2-ის დასრულების გამო, კომპენსაციად შეიძლება ჩაითვალოს ბუნებრივი აირის ტრანზიტის თაობაზე ახალი გრძელვადიანი ხელშეკრულება რუსული მომწოდებლისგან.

ოქსანა იშჩუკი

იშჩუკი თავის სტატიაში იხსენებს, რომ სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე მაკავშირებლების მშენებლობა უკვე დასრულდა. აღნიშნულის გამო, უნგრეთს შეეძლება რუსული გაზის მიღება სერბეთისა და ბულგარეთის გავლით, უკრაინის გვერდის ავლით – „თურქული ნაკადის“ საშუალებით.

””უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორის” წინასწარი შეფასებით, ჩვენი ქვეყნისთვის “თურქული ნაკადის” მეშვეობით საწვავის ტრანზიტი ცენტრალური ევროპის მიმართულებით,  ნიშნავს 10-12 მილიარდი კუბური მეტრის გაზის ტრანზიტის დაკარგვას წელიწადში. თანხის მხრივ, აღნიშნული უკრაინას დაახლოებით “450 მილიონი დოლარი დაუჯდება”, – წერს იგი და დასძენს, რომ ამ დროისთვის ბუნებრივი აირი სამხრეთით უკრაინის გავლით მიეწოდება მხოლოდ მოლდოვას.

”ტრანზიტის მოცულობების დინამიკა მიუთითებს იმაზე, რომ “უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორი”, Yamal – Europe, Nord Stream 1 და Turkish Stream მილსადენების სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში, მხოლოდ სიმძლავრის დამბალანსებლის ფუნქციას შეასრულებს, გაზზე მოთხოვნის ცვლილების ან სხვა ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში ” – აღნიშნავს ის.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply