“გამჭვირვალობის გარეშე განვითარების გზა არ არსებობს არაფერში, მათ შორის არც ენერგოსექტორში”

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – მიმართვა გაავრცელა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მოუწოდა რეაგირება მოახდინოს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამჭვირვალობის პრობლემაზე.

„ბიზნესპარტნიორის“ კითხვებს აფბას ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ უპასუხა.

– აფბა, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს ახორციელებს. ამჯერად რამ გამოიწვია ეკონომიკის მინისტრისადმი თქვენი საკმაოდ მწვავე მიმართვის გავრცელება?

– ფაქტია, გამჭვირვალობის პრობლემა, დღეს ენერგოსექტორში უმწვავესად დგას და ამ კუთხით არსებული არაჯანსაღი პოლიტიკის გამო, გამოუსწორებელი ზიანი ადგება როგორც საკუთრივ ენერგოსექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარების პერსპექტივას. ეს არის ის მთავარი გამოწვევა, რასაც აფბა ხედავს და რის შემჩნევისკენ, დანახვისკენ და რაზეც სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს ყველას, ვისაც ეს ეხება.

ჩვენ ვამჩნევთ, რომ პრობლემა პრობლემად რჩება და სახელმწიფო ენერგეტიკულ წრეებში მხოლოდ მაშინ იწყება გარკვეული შფოთი, როცა საქმე უკვე გაფუჭებულია და მიზეზების ძიებისა და ერთმანეთზე გადაბრალების კარუსელი იწყება. მაგალითად, ზუსტად ასე იყო ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედების გადავადების დროს.

აფბა უკვე არაერთხელ შეეჩეხა სექტორში არსებულ გამჭვირვალობის პრობლემას და ვხედავთ, რომ შესაძლოა, ეს ტენდენცია დამანგრეველიც კი აღმოჩნდეს მთლიანად ენერგოსექტორისთვის. ვფიქრობთ, დარგში პოლიტიკის განმსაზღვრელმა უწყებამ და მისმა პირველი პირმა ეს გამოწვევა მუდმივად უნდ ააკონტროლოს. სწორედ ამიტომ მივმართეთ კიდევ ერთხელ, აღნიშნულ დამაფიქრებელ ტემდენციაზე ყურადღების გამახვილების მოწოდებით , ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას.

– კონკრეტულად რა ფაქტები გაქვთ, რომლებზე დაყრდნობითაც ამბობთ, რომ ენერგოსექტორი გაუმჭვირვალეა?

უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ვცდილობთ, ნათელი მოვფინოთ სექტორში არსებულ ვითარებას, რაც დაკავშირებულია დარგში ფინანსური ნაკადების მოძრაობასთან. მათ შორის, მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან, იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალურ ტარიფებთან (ე.წ. საკონტრაქტო ფასები) თუ სხვადასხვა ტიპის ანალიტიკურ მონაცემებზე თავისუფლად წვდომასთან. სამწუხაროდ და ჩვენდა გასაოცრად, სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან ვაწყდებით გაუგებარი პასუხებით პასუხისმგებლობის თავიდან არიდების აბსოლუტურად მიუღებელ მცდელობებს.

არაერთი საჯარო მიმართვის მიუხედავად, თითქმის ექვსი თვეა უშედეგოდ ვცდილობთ ესკოს მხრიდან მივიღოთ ინფორმაცია 2016-2021 წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალური ტარიფების (ე.წ. საკონტრაქტო ფასები) შესახებ და ეს მაშინ, როდესაც აღნიშნული ინფორმაცია არაერთხელ გასაჯაროვდა კერძო, იმპორტიორი კომპანიის მხრიდან. ესკო განსაკუთრებით აქტიურად მალავს რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასებს, რაც საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს.

ასევე, დღემდე ვერ მივიღეთ ინფორმაცია ვერც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისგან“, ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის ირგვლივ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ საკითხის შესასწავლად სსე-ში პროკურატურაა შესული და საგამოძიებო საქმიანობას აწარმოებს.

უნდა ითქვას ისევ და ისევ, რომ საკმაოდ დიდი პრობლემები არსებობს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ გარშემო, რაზეც ჩვენმა ორგანიზაციამ არაერთი განცხადება გაავრცელა და რეფორმა, რომელიც ენერგეტიკის სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ დგას დროში უსასრულოს გადავადების საფრთხის წინაშე.

ესაა ფაქტების ის არასრული ჩამონათვალი, რომლებიც თავიანთი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ქმნიან იმ სამწუხარო რეალობას, რასაც ენერგოსექტორში გამჭვირვალობის არასაკმარისი ხარისხი ჰქვია.

– რამდენად გაქვთ იმედი, რომ თქვენი მოწოდებები ერთი მხრივ, მიაღწევს ადრესატამდე და მეორე მხრივ, შესაბამის, ადეკვატურ რეაქციებს გამოიწვევს?

– ადრესატ(ებ)ამდე ჩვენი ხმის მიღწევის პრობლემა არ არსებობს და ამაში ძალიან დიდია მედიის მხრიდან საკითხისადმი გამოჩენილი ინტერესის დამსახურება, რის გამოც, უკლებლივ ყველა მედიას და მათ შორის, თქვენს რედაქციას განსაკუთრებით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, უნდა გითხრათ, რომ აქაც მაქვს დადებითი მოლოდინი. უბრალოდ, განვითარების სხვა გზა, გარდა სრული გამჭვირვალობისა, არსად და არაფერში, მათ შორის, არც ენერგოსექტორში, არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ეს ასევე ძალიან კარგად ესმის ეკონომიკის მინისტრს და სხვა ყველა პასუხისმგებელ პირსაც და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თუ არა ხვალ, ერთი მხრივ, ჩვენი მოწოდებები, კონკრეტულ პრობლემებზე მითითებები და მედიის მხრიდან პრობლემატიკის მხარდაჭერა და მეორე მხრივ ჩინოსნების მიერ იმის სრულფასოვნად გააზრება, რომ სახელმწიფო კომპანიების მხრიდან გაუმჭვირვალობის პოლიტიკა დარგისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდება, მოიტანს კონკრეტულ დადებით შედეგს.

აფბა ერთმნიშვნელოვნად ემხრობა საქართველოში ენერგეტიკიკის სექტორი განვითარების შეუქცევადობას. სწორედ ამიტომ და აქედან გამომდინარე, განწყობილი ვართ სექტორთან ჯანსაღი პარტნიორობისთვის და მკაფიოდ განვმარტავთ, რომ ჩვენი მოწოდებები აღქმული უნდა იყოს, როგორც ამ უმნიშვნელოვანეს საკითხში მოკავშირის მოწოდებებად და არა, როგორც ჩასაფრებული პოზიციის მქონე ორგანიზაციის განცხადებებად.

მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა ყველა ყველა პირმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ენერგეტიკის სექტორში მივაღწიოთ ნებისმიერ ინფორმაციაზე თავისუფლად წვდომის შესაძლებლობას და და დავამკვიდროთ გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტი. ეს არის ის უნივერსალური რეცეპტი, რომლის განხორციელებაც შემდგომში გამოიწვევს პოზიტიურ ჯაჭვურ რეაქციას და შედეგად მივიღებთ კონკურენტუნარიან და განვითარებაზე ორიენტირებულ დარგს. ამგვარი ენერგეტიკულ სექტორი რომ უდაოდ გახდება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების ლოკომოტივი, ეს ვფიქრობ, ყველას ძალიან კარგად ესმის.

Leave a Reply