წყალბადი

“როდესაც გვექნება ჭარბი და იაფი ენერგია, მისი გადაყვანა მოხდეს წყალბადში და ამგვარად ვაწარმოოთ “მწვანე წყალბადი”“

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების კლიმატურმა ამბიციებმა, გამოიყენონ მხოლოდ ნახშირბადის დაბალი ემისიის მქონე ენერგორესურსები, აიძულა ისინი კვლავ მიემართათ დედამიწაზე ყველაზე მსუბუქი და გავრცელებული ელემენტისთვის – წყალბადისთვის. საერთაშორისო ექსპერტების აზრით, წყალბადს, რომელსაც ორაწლიანი გამოყენების ისტორია აქვს, საბოლოოდ წარმატების შანსი სწორედ მისი ეკოლოგიური სისუფთავის გამო აქვს.

წყალბადს გააჩნია 2,5-ჯერ მეტი ენერგია, ვიდრე ბუნებრივ აირსა და ბენზინს, თუმცა, მისი ძალიან მცირე წონა ნიშნავს, რომ ატმოსფერულ პირობებში, აირად მდგომარეობაში მას გააჩნია გაცილებით ნაკლები სიმკვრივე.

წყალბადს აქვს მრავალი ღირებული თვისება, რომელთაგან ორი მას უნიკალურს ხდის კლიმატის ცვლილების ეპოქაში:

  1. შესაძლებელია მისი შენახვა და სუფთა საწვავის სახით გამოყენება, სათბურის აირებისა და ჰაერის სხვა დამაბინძურებლების პირდაპირი ემისიის გარეშე;
  2. მისი წარმოება და მიწოდება შესაძლებელია ეკოლოგიურად სუფთა გზების ფართო სპექტრით, – აღნიშნავენ GS ექსპერტები.

ამჟამად, დაახლოებით 70 მილიონი ტონა წყალბადის წარმოება ხდება, მაგრამ მხოლოდ 2%-ზე ნაკლები მიიღება ეკოლოგიურად სუფთა გზით – წყლის ელექტროლიზით, როდესაც წყალი იშლება მასში შემავალ კომპონენტებად – წყალბადად და ჟანგბადად. თუ ელექტროენერგია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით მიიღება, ეს არის “მწვანე” წყალბადი, რაც ყველა ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ქვეყნის საბოლოო მიზანია. ამასთან, როგორც ყოველთვის, აღნიშნული არის ყველაზე ძვირადღირებული მეთოდი.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში ენერგიის მისაღებად წყალბადი არ იწარმოება, არ არსებობს წყალბადგასამართი სადგური და შესაბამისად წყალბადზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობაც 0-ს უდრის. თუმცა ქვეყანა 2020 წლის სექტემბერში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ხელმოწერით მწვანე წყალბადის წარმოების პროცესს მაინც შეუერთდა.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად შეუწყობს ხელს მზის ენერგიის ეფექტურად გამოყენება, საქრთველოში “მწვანე წყალბადის” განვითარებას, “ენერგონიუსი“ Helios Energy-ის დაფუძვნებელს თორნიკე დარჯანიას ესაუბრა:

“ევროპაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა წყალბადის ენერგეტიკას და, როგორც თქვენ ბრძანეთ, განსაკუთრებით „მწვანე წყალბადს“, რომელსაც უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოებისგან, იდება მილიარდობით ინვესტიციები ტექნოლოგიების დასახვეწად და განსავითარებლად, რადგან კაცობრიობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე მდგრადი ენერგიის წყარო არის წყალბადი – ელემენტი, რომელიც ყველაზე მეტია დედამიწაზე და სერთოდაც, მთლიან გალაკტიკაში” – განაცხადა მან.

თუმცა, დარჯანიას სიტყვებით, „მწვანე წყალბადის“ მიღება საკმაოდ ძვირადღირებული ტექნოლოგიაა, სწორედ ამიტომ ხდება მისი აქტიურად სუბსიდირება მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში.

რაც შეეხება საქართველოს, ენერგეტიკოსი თვლის, რომ ჩვენ გვაქვს პერიოდები როდესაც გვაქვს ჭარბი ენერგია. მაგალითად, ვღვრით ენგურის წყალს, რადგან ექსპორტზე ვერ გადის ელექტროენერგია, ან ღამის საათებში გვაქვს იაფასიანი ენერგია. მათი დაგროვება თუ მოხდება წყალბადისთვის, მაშინ იქნება მიზანშეწონილი, სხვა შემთხვევაში, ელექტროენერგიის გადაყვანა წყალბადის ენერგიაში არ იქნება გამართლებული, რადგამ ამ დროს ადგილი აქვს დანაკარგებს და აზრს მოკლებულია, რადგან შესაძლებელია გამომუშავებული ელექტროენერგიის პირდაპირ მოხმარება. “როდესაც გვექნება ჭარბი და იაფი ენერგია, მისი გადაყვანა მოხდეს წყალბადში და ამგვარად ვაწარმოოთ “მწვანე წყალბადი”“ -დაამატა მან.

დარჯანიას სიტყვებით, ევროპას გაწერილ აქვს „წყალბადის სტრატეგია“ და მომავალში იგეგმება არსებული გაზსადენების წყალბადის ტრანსპორტირებისთვის გამოყენება. შესაბამისად, იგივე „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა“ და მსგავსმა მილსადენებმა მომავლში შეიძლება წყალბადის მიწოდება უზრუნველყონ.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply