უკრაინის ვიცე-პრემიერი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე: უკრაინას არანაირი გარანტია არ მიუღია

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე აშშ-ისა და გერმანიის შეთანხმების ფარგლებში, უკრაინას არანაირი გარანტია არ მიუღია.

„უკრაინას არანაირი გარანტია არ მიუღია ამ განცხადების ფარგლებში. შეგახსენებთ, ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანია მხარს დაუჭერს „სამი ზღვის“ ინიციატივას, თუმცა უკრაინა ისედაც ცდილობს ამ ინიციატივას შეუერთდეს და ამ მხარდაჭერის შინაარსი გაუგებარია. გარდა ამისა, დაანონსებულია ფინანსური მხარდაჭერა და „მწვანე ტრანსფორმაციის“ ფონდის შექმნა, რაზეც ჩვენ ისედაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“, – აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

ოლგა სტეფანიშინას თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე აშშ-ისა და გერმანიის ერთობლივი განცხადება ახალ ინიციატივებს არ ითვალისწინებს.

„ამავდროულად უსაფრთხოების გარანტიებზე არანაირი პერსპექტივა არ არის მოცემული. გარდა იმისა, რომ ეს პროექტი გეოპოლიტიკურია, ის მკაფიოდ ეწინააღმდეგება ევროკავშირის „მწვანე კურსს“. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შეთანხმება პოლიტიკური ხასიათისაა და მას ეკონომიკური საფუძველი არ აქვს“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უკრაინის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

Leave a Reply