„ნათია თურნავამ პირადი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებაზე“ – გიორგი კაპანაძე

„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ 2021 წლის ექვსი თვის ანგარიშს აქვეყნებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ანგარიში წარმოადგენს ბირჟის მიერ 2021 წლის პირველი იანვრიდან პირველი ივლისის მდგომარეობით განხორციელებული აქტივობების მიმოხილვას და მიზნად ისახავს ბირჟის არსებული პროგრესის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას დაინტერსებული პირებისთვის.

რამდენად პასუხობს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს ენერგეტიკული ბირჟის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რა გამოწვევების წინაშე არიან ბირჟის მონაწილეები და შესაძლებელი იქნება თუ არა 2022 წლის 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით „აიპრესის“ კითხვებს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ უპასუხა.

– პირველ რიგში რომ გვითხრათ, თუ გაეცანით „საქართველოს ენერგეტიკული  ბირჟის“  მომზადებულ ანგარიშს და რას იტყვით, რამდენად პასუხობს იგი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს?

– ცხადია, ანგარიშს გავეცანი, თუმცა იქ კონკრეტული ინფორმაცია ვერ წავიკითხე. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის მიერ გამოქვეყნებული  6 თვიანი ანგარიში ძალიან ზედაპირულია და იქ არ არის საუბარი იმ კონკრეტულ პრობლემებზე, რომლის წინაშეც აღმოჩნდა, როგორც ბირჟის ხელმძღვანელობა, ასევე კერძო სექტორი. არ არის გამახვილებული ყურადღება იმ საკითხებზე, რამაც ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადება გამოიწვია 1 იანვრამდე.

გაცილებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ბირჟის მენეჯმენტმა წარმოადგინოს მისი მხრიდან დაგეგმილი სამუშაოების დროში გაწერილი გეგმა, რათა  შესაძლებელი გახდეს პროგნოზი, თუ რამდენად რეალისტურია ბირჟის გენერალური დირექტორის მიერ ივნისში გაკეთებული განცხადება,  1 იანვარს ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის მზადყოფნასთან  დაკავშირებით. მხოლოდ ამ გზით, ანუ, მიმდინარე პროცესებზე საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლების მხრიდან მონიტორინგით, იქნება შესაძლებელი, რომ თუ 2022 წლის 1 იანვარს არა, გვიან გაზაფხულზე მაინც მოხერხდეს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედება.

– რატომ ფიქრობთ, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება, შესაძლოა, ვერ მოესწროს 1 იანვრამდე ?

– პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების თაობაზე მიღებული  გადაწყვეტილება საფუძველშივე არასწორია, ვინაიდან ზამთრის პერიოდში არსებული ენერგოდეფიციტის გამო, ბირჟაზე პრაქტიკულად მხოლოდ იმპორტიორები იქნებიან წარმოდგენილნი და შესაძლოა, საფრთხე შეექმნას ფასების სტაბილურობას.

ასევე, მუდამ ხაზს ვუსვამ იმ გარემოებასაც, რომ ზამთრის პერიოდში კრიტიკულ ზღვრამდეა შემცირებული ენგურჰესის რესურსი და ამდენად, ქართული გენერაციის ეს მთავარი ფიგურანტიც ვერ მიიღებს ხელშესახებ მონაწილეობას საბირჟო ყოველდღიურობაში (ენგურის რემონტზე ყოფნა, ბირჟის 2021 წლის 1 ივლისს ვერამოქმედების და შესაბამისად რეფორმის გადადების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა). გარდა ამისა, ისედაც, ენგურის რესურსი ფიქსირებული ტარიფით იყიდება და როგორ უნდა მოხვდეს ის საბირჟო ვაჭრობებში, გაუგებარია.

ვერავინ გვარწმუნებს იმაშიც, რომ დარჩენილ დროში შესაძლებელი იქნება თუ არა მცირე და საშუალო ჰესების პრობლემების მოგვარება, რაც მათი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას (შესაბამისი მზომებით აღჭურვა და სხვ.) გულისხმობს. მე ვვარაუდობ, რომ სამწუხაროდ, ისინი ან  თამაშგარე დარჩებიან, ან მოუწევთ დიდი დანაკარგებით ოპერირება ბირჟაზე.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მარწმუნებს, რომ, სამწუხაროდ, ვერც დათქმულ დროს – 2022 წლის იანვარში ვერ მოხერხდება ენერგეტიკული ბირჟაზე საათობრივი ვაჭრობის დაწყება, ანუ ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედება.

ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრებაა, რომ ბირჟა მომავალი წლის მაის-ივნისის პერიოდში ამოქმედდეს და ისიც იმ შემთხვევაში, თუკი მომდევნო თვეებში მაინც მოახერხებს ბირჟის მენეჯმენტი, რომ ეფექტურად შეძლოს საქმიანობა.

– სად ხედავთ გამოსავალს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 2022 წელს საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა რეალურად ამოქმედდეს?

– ფაქტია, რომ ენერგეტიკული ბირჟის საკითხზე საკომიტეტო მოსმენიდან საკმაო დრო გავიდა, თუმცა  კარდინალურად არაფერი შეცვლილა. არსებობს ისევ ის პრობლემები, რაც მანამდე არსებობდა და ბირჟის მენეჯმენტიც ისევ ისე აგრძელებს საქმიანობას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ პირადი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ბირჟის ამოქმედებაზე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. მან მუდმივად უნდა მოითხოვოს ინფორმაცია ბირჟის საქმიანობის შესახებ და უზრუნველყოს, რომ 2022 წელს ენერგეტიკული ბირჟა რეალურად ამოქმედდეს და არ მოხდეს მისი კიდევ ერთხელ გადავადება გაურკვეველი ვადით.

თავის მხრივ, ბირჟის მოქმედმა მენეჯმენტმა უნდა აიღოს ვალდებულება,, რომ უახლოეს პერიოდში დადებს განსახორციელებელი სამუშაოების კონკრეტულ გეგმას და ამ გეგმის კვალობაზე საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ  1 იანვარს საათობრივი ვაჭრობის მექანიზმი უხარვეზოდ გაეშვება.

აქ მთავარი იქნება ის, რომ ამ გეგმის (რომელსაც, მართალია, არავინ იცნობს, მაგრამ იმედია, ბირჟის მენეჯმენტს ის გააჩნია) განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე, ბირჟის მენეჯმენტმა, საზოგადოებას ყოველთვიურად მაინც წარუდგინოს ანგარიში. ეს უკვე საქმისადმი სხვა პასუხისმგებლობით მიდგომის გამოხატულება იქნება და შესაძლოა, ამ გზით, საბოლოო ჯამში,  ყველათვის სასურველ შედეგამდე მივიდეთ კიდეც.

ipress.ge

Leave a Reply