“ის რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი უფრო დაბალია “ნამოხვანჰესის” ფასზე, არასწორია”

ჰესის აშენების მოწინააღმდეგეები ხშირად ადარებენ იმპორტირებული ელექტროენერგიისა და ნამოხვანჰესის ტარიფებს. ენერგეტიკოსი­ მურმან მარგველაშვილი “ენკას” გადაწყვეტილების ეკონომიკურ მნიშვნელობაზე საუბრობს:

“ნამოხვანჰესის გარანტირებული შესყიდვის ტარიფს (6,2 ცენტი/1 კვტ/სთ) ადარებენ იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებას და აქედან აკეთებენ დასკვნას სადგურის ეკონომიკური მომგებიანობის შესახებ. ეს მიდგომა მცდარია: მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 5 წლის შემდეგ, გარანტირებული შესყიდვის ტარიფი 6,2¢ცენტი იმოქმედებს შემდგომ 15 წელიწადს, ანუ დაახლოებით 2026-2040 წლებში. ამ ტარიფის შედარება დღევანდელი იმპორტის ტარიფებთან, თანაც პიკური და ბაზისური ფასების სათანადო გათვალისწინების გარეშე, სრულიად შეუსაბამოა. ამასთან, გამოტოვებულია ზაფხულის (არასავალდებულო შესყიდვის პერიოდის) იაფი 500 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც ჰესმა უნდა გამოიმუშაოს და, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდოს, ვინაიდან სიჭარბის პირობებშიც სხვა ელექტროსადგურებს ექსპორტზე უფრო პრიორიტეტული დაშვება აქვთ, ვიდრე ნამოხვანჰესს. ეკონომიკის სამინისტროს სპეციალისტების შეფასებით, ჰესის ეფექტური საშუალო წლიური ტარიფი 4,91 ცენტია.

ჰესმა უნდა იმუშაოს დაახლოებით 100 წელიწადს, მისი საოპერაციო ხარჯები დაბალი იქნება და ენგურჰესის მსგავსად, ელექტროენერგიის იაფი წყარო გახდება. ეს ფასების საერთო დონის დაკლებაზეც იმოქმედებს. ამასთან, იმპორტის ტარიფისგან განსხვავებით, ნამოხვანჰესის ტარიფი (6,2 ცენტი) შეიცავს ქვეყანაში გასაწევ ხარჯებს, რაც ჩვენს ბიუჯეტსა და ეკონომიკაზე აისახება. მათ შორის არის ქონების გადასახადი, საექსპლუატაციო და მომსახურების ხარჯები, რეგულირებისა და სხვა გადასახადები. ცნობისთვის, ქონების გადასახადი საბალანსო ღირებულების 1%-ს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საინვესტიციო თანხის 800 მლნ დოლარიდან ნაწილი იხარჯება მართვის, საკონსულტაციო და სხვა არაკაპიტალურ ხარჯებზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალი სადგურის საბალანსო ღირებულება დაახლოებით 700 მლნ დოლარი იქნება. 40-წლიანი ამორტიზაციის გათვალისწინებით, წლიური ქონების გადასახადი პირველი ათი წლის განმავლობაში, საშუალოდ 6,1 მილიონი დოლარი იქნება, რაც გამომუშავების მოცულობაზე გაყოფით ნიშნავს, რომ ტარიფიდან 0,41¢ცენტი ქონების გადასახადზე, ანუ ბიუჯეტში წავა.

საექსპლუატაციო და მომსახურების ხარჯების დიდი ნაწილის გაწევა ხდება საქართველოში, რაშიც შედის ასევე ხელფასები და საშემოსავლო გადასახადი. საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFჩ) შეფასებით, დიდი ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაც­იო ხარჯები საშუალოდ მისი ღირებულების 2-2,5%-ს შეადგენს. ჩვენს შემთხვევაში, ნაკლებობით ვიღებთ 1,5%-ს, რაც 10 მილიონამდე დოლარია. თუ ჩავთვლით, რომ ამ თანხის 80% ადგილობრივი ხარჯებია, მივიღებთ, რომ მათ დასაფარავად ტარიფიდან დაახლოებით 0,56¢ცენტი მიდის. ამ და სხვა კატეგორიების შეკრებით ჯამურად ვიღებთ 1,02¢ცენტს. ანუ ეფექ­ტური საშუალო წლიური ტარიფიდან 3,89¢ცენტი/1 კვტ/სთ ემსახურება ინვესტიციის დაბრუნებას. დანარჩენი საქართველოში გასაწევი საოპერაციო ხარჯია, რაც ქვეყნის ბიუჯეტსა და ეკონომიკას ემატება.

ჰესის მოწინააღმდეგეების ლოგიკა მართლაც სწორი რომ იყოს, ეს ფასთა შორის განსხვავება, ანუ დაახლოებით 3,9¢და არა 6,2¢ცენტი უნდა შეგვედარებინა იმპორტის ფასებისთვის…

კიდევ ერთი – ელექტროენერგიის იმპორტი ემსახურება სხვა ქვეყნებში საქართველოს ხარჯზე გენერაციის საწარმოო სიმძლავრეების განვითარებას, ჩვენს ქვეყანაში ინვესტირება კი ემსახურება ეკონომიკის ზრდას, ადგილობრივი საწარმოო სიმძლავრეების განვითარებასა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას. საზოგადოებას ეს სარგებელი, ისევე როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობა, სათანადოდ რომ არა აქვს გაცნობიერებული, ქვეყანაში სტრატეგიული ხედვების სისუსტეზე მიუთითებს.”

წყარო: “კვირის პალიტრა”

Leave a Reply